მამუკა ბახტაძე - კერძო სექტორისგან მოვისმინეთ საინტერესო მოსაზრებები, იდეები, რომლებიც ვფიქრობ, საკანონმდებლო ბაზის ნაწილი გახდება
მამუკა ბახტაძე - კერძო სექტორისგან მოვისმინეთ საინტერესო მოსაზრებები, იდეები, რომლებიც ვფიქრობ, საკანონმდებლო ბაზის ნაწილი გახდება

ჩვენი ექსპორტი რეკორდული ტემპებით იზრდება, მაგრამ ამავე დროს ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არ არის საკმარისი და გვსურს მეტი, ჩვენ გვჭირდება მეტი სამუშაო ადგილები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა. ყურადღება დაეთმო ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ასევე, ბიზნესმენებმა მთავრობის მეთაურს თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები გააცნეს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, შეხვედრა იყო ნაყოფიერი და საუბარი შეეხო იმ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც საქართველოში უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფასა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას ისახავს მიზნად.

„კერძო სექტორის მხრიდან მოვისმინეთ საინტერესო მოსაზრებები, იდეები, რომლებიც, ვფიქრობ, აუცილებლად გახდება ჩვენი საკანონმდებლო ბაზის ნაწილი. ყველა ვთანხმდებით, რომ გატარებული რეფორმები და ინიციატივები, რომელთა რეალიზაცია დღეს ხდება, ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რათა ჩვენ მივიღოთ უფრო კონკურენტუნარიანი ეკონომიკა, ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ორიენტირებულია მეტი სამუშაო ადგილის შექმნაზე. ვისაუბრეთ მაკროეკონომიკურ სტატისტიკაზე. ამ ნაწილშიც არის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეხვედრისას ასევე ყურადღება გამახვილდა განათლების რეფორმაზე და კერძო სექტორის ჩართულობის როლზე მისი წარმატებით განხორციელების პროცესში, განსაკუთრებითპროფესიული განათლების მიმართულებით.

ჩვენ რამდენიმე კომპანიასთან უკვე ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ და მიხარია, რომ კერძო სექტორს აქვს სრული მზაობა, პროფესიულ განათლებაში მეტი კონტრიბუციაშეიტანონ. ჩვენი მიზანია ჩვენი ეკონომიკის 6 პროცენტი, ანუ ბიუჯეტის მეოთხედი მივმართოთ განათლებაზე. ამასთან ერთად, არის მოლოდინი, რომ კერძო სექტორი დაამატებს ინვესტიციების 5 პროცენტს, რის შედეგადაც ჯამში სწორედ განათლების სექტორი გახდება დომინანტი ჩვენს ეკონომიკაში 11-12-პროცენტიანი წილით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების მეორე შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა და მასში ასოციაციის წევრი კომპანიების 50-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.