მამუკა ბახტაძე - ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შედეგია, რომ იტალიელი ბიზნესმენები საქართველოში ინვესტირების ინტერესს ინარჩუნებენ
მამუკა ბახტაძე - ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შედეგია, რომ იტალიელი ბიზნესმენები საქართველოში ინვესტირების ინტერესს ინარჩუნებენ

საქართველოში მიმდინარე რეფორმების, ჯანსაღი ბიზნესგარემოსა და ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შედეგია, რომ იტალიელი ბიზნესმენები საქართველოში ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების განხორციელების ინტერესს ინარჩუნებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, კარგი შედეგია, ბოლო წლებში ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით. 2017 წლის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს უმსხვილეს პარტნიორებს შორის იტალიას მეათე ადგილი უკავია.

„მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 109 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ეს ნიშნავს, რომ წელს გვექნება საუკეთესო სავაჭრო ბრუნვა იტალიასთან. აღნიშნული ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგზე. საქართველოდან იტალიაში ექსპორტზე გადის სხვადასხვა სახის პროდუქცია: თხილი, ტექსტილის ნაწარმი, მინერალური სასუქები, ღვინო, ფეროშენადნობები და სხვა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე რეფორმების, ჯანსაღი ბიზნეს გარემოსა და ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შედეგია, რომ წლების განმავლობაში, იტალიელი ბიზნესმენები ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების განხორციელების ინტერესს ინარჩუნებენ.

„მხოლოდ წელიწადნახევრის განმავლობაში უკვე საქართველოსა და იტალიას შორის მესამე ბიზნეს ფორუმი იმართება, რაც კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის სავაჭრო პოტენციალი ძალიან მაღალია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერიაში“ მიმდინარეობს. ფორუმის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და თბილისში ვიზიტით მყოფმა იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ მიმართეს. ფორუმში ასევე ქვეყნების ეკონომიკური პროფილის სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობენ.

დატოვე კომენტარი