მამუკა ბახტაძე - ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, 40%-ით გაზრდილია
მამუკა ბახტაძე - ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, 40%-ით გაზრდილია

მცირე მთავრობის ამოსავალი წერტილია, რომ გადასახადის გადამხდელებს რაც შეიძლება ნაკლები უჯდებოდეთ სახელისუფლებო უწყებების დაფინანსება და ეს ამოცანა მიღწეულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს.

მამუკა ბახტაძის თქმით, შემცირდა სამინისტროების რაოდენობა, რაც საშუალებას იძლევა, გაუმჯობესდეს კოორდინაცია და მართვის ეფექტიანობა;

„ჩვენ თანმიმდევრულად ვაუმჯობესებთ ჩვენს პოზიციებს მმართველობითი ინდიკატორების საერთაშორისო რეიტინგში; 2019 წელს შრომის ანაზღაურება პირველად დაიგეგმა მშპ-ის 3.9%-ის ოდენობით; რეგიონული მმართველობის გასაუმჯობესებლად, გაიზარდა კოორდინაცია ცენტრალურ, რეგიონულ და მუნიციპალურ ორგანოებს შორის, მმართველობის პროცესში აქტიურად ჩაერთო რწმუნებულების ინსტიტუტი, რამაც უკვე წელსვე მოიტანა ხელშესახები შედეგები. კერძოდ, ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია 40%-ით“, – აცხადებს პრემიერი.

მისი შეფასებით, ამასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია, გაგრძელდეს ელექტრონული მმართველობის განვითარება და თანამედროვე IT ტექნოლოგიების სრულყოფილი დანერგვა; ფუნქციური და ფინანსური დეცენტრალიზაცია და საჯარო სამსახურის სრულყოფილი რეფორმა.