მამუკა ბახტაძე - იმედია, ახლო მომავალში გამოვაცხადებთ ახალ ციფრულ დერეფანზე, რომელიც ბულგარეთს საქართველოსთან და აღმოსავლეთს დასავლეთთან დააკავშირებს  
მამუკა ბახტაძე - იმედია, ახლო მომავალში გამოვაცხადებთ ახალ ციფრულ დერეფანზე, რომელიც ბულგარეთს საქართველოსთან და აღმოსავლეთს დასავლეთთან დააკავშირებს  

საქართველოსა და ბულგარეთს ტრადიციულად მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების ხანგრძლივი ისტორია აკავშირებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბულგარეთში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ ბულგარელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და  საქართველოსა და ბულგარეთის ისტორიულ კავშირებზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩემთვის დიდი პატივია სოფიაში, ბულგარეთში ყოფნა, რადგან მმასპინძლობს საქართველოს ძალიან კარგი მეგობარი ქვეყანა და პირადად ჩემი ძალიან კარგი მეგობარი კოლეგა.

ჩვენს ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირები საუკუნეებს ითვლის. ქართველი ძმების, ბაკურიანების მიერ მე-11 საუკუნეში დაარსებული პეტრიწონის მონასტერი ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალეა აღმოსავლეთ ევროპის მართლმადიდებლურ მონასტრებს შორის. ის არის საქართველოსა და ბულგარეთის კულტურული და ისტორიული ერთობის ნათელი სიმბოლო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, წლების განმავლობაში, საქართველოსა და ბულგარეთის ორმხრივი ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება და განაპირობებს ძლიერ მეგობრობასა და აქტიურ თანამშრომლობას საერთო ინტერესების ბევრი მიმართულებით.

„მიხარია, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში საერთაშორისო ღონისძიებების პარალელურად მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების აქტიური დინამიკის მომსწრენი ვართ. დღეს შევთანხმდით, გავაერთიანოთ ძალისხმევა, რათა შევინარჩუნოთ და სამომავლოდ გავაძლიეროთ ეს დადებითი ტენდენცია. შევთანხმდით საქართველოსა და ბულგარეთს შორის მრავალი მიმართულებით ურთიერთობების განვითარებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფაზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ ბულგარელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადებების გაკეთებისას.

ამასთან, როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველოსა და ბულგარეთის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები წარმატებით ვითარდება. ბოლო წლების განმავლობაში ბულგარეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების პირველ ათეულში მოექცა.

საქართველოს პრემიერის შეფასებით, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს.

„დიდად ვაფასებთ ვაჭრობის, ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნიკური თანამშრომლობის მიმართულებით საქართველოსა და ბულგარეთის მთავრობათაშორისი კომისიის ქმედით მუშაობას. მივესალმებით კომისიის ბოლოდროინდელ შეხვედრას, რომლის დროსაც შევთანხმდით და შევაჯერეთ პოზიციები მთელ რიგ მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებზე და გამოვავლინეთ სამომავლო ნაბიჯები, რომელთა გადადგმა იქნება საჭირო ამ მიმართულებით პარტნიორობის კიდევ უფრო დასაახლოებლად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი განცხადებით, საქართველო და ბულგარეთი გეოგრაფიულად არიან დაკავშირებული.

„ჩვენს შორის ბუნებრივ ხიდად წარმოჩინდება შავი ზღვა, რაც უნიკალურ შესაძლებლობებს გვიქმნის და უზარმაზარ პოტენციალს ატარებს. მზად ვართ, ის სრულად გამოვიყენოთ, განსაკუთრებით ტრანსპორტის სფეროში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ასევე, როგორც მან აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საბორნე მიმოსვლის სამომავლო განვითარების შესაძლებლობებს, საქართველოსა და ბულგარეთის საზღვაო პორტებს შორის კავშირების განსამტკიცებლად.

„ამავდროულად, შევთანხმდით კიდევ ერთი, თან ორივე ერისთვის უნიკალური პროექტის დაწყებაზე. ის არა მარტო ჩვენთვის იქნება უნიკალური, არამედ მთელი რეგიონისთვის და აღმოსავლეთს დასავლეთთან დააკავშირებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან ახლო მომავალში შევძლებთ გამოვაცხადოთ ახალი ციფრული დერეფნის შექმნა, რომელიც ბულგარეთს საქართველოსთან დააკავშირებს და ამდენად აღმოსავლეთს – დასავლეთთან“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რამდენად დიდი შესაძლებლობები იკვეთება საქართველოსა და ბულგარეთს შორის კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის მხრივ.