მამუკა ბახტაძე - იმედი მაქვს, შორს არ არის დრო, როდესაც ჩვენი კონსტიტუცია ერთიანი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება 
მამუკა ბახტაძე - იმედი მაქვს, შორს არ არის დრო, როდესაც ჩვენი კონსტიტუცია ერთიანი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება 

იმედი მაქვს, შორს არ არის დრო, როდესაც ჩვენი კონსტიტუცია გავრცელდება ერთიანი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და გახდება დემოკრატიული ღირებულებებისა და თითოეული მოქალაქის დაცვის გარანტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

პრემიერმა პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და დღევანდელი თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს აღვნიშნავთ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს – კონსტიტუციის მიღების დღეს. ჩვენს ყველა მოქალაქესა და საქართველოს ყველა მეგობარს ვულოცავ ამ დღეს. საქართველოს ჯერ კიდევ 1921 წელს  ჰქონდა მიღებული უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტის კონსტიტუცია და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ იმ დროინდელ ევროპაში სწორედ საქართველოს კონსტიტუციას თვლიდნენ ერთ-ერთ ყველაზე უფრო პროგრესულს. სწორედ იმ კონსტიტუციის საფუძველზე, 1995 წლის 24 აგვისტოს იქნა მიღებული ახალი კონსტიტუცია და ამ მთავარი დოკუმენტით, ძირითადი კანონით განისაზღვრა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხები – როგორ ქვეყანას ვაშენებთ და როგორი უნდა იყოს მისი მომავალი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს ქართული სახელმწიფო განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზეა და მის მოთხოვნებს სრულად პასუხობს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც საქართველოს სტაბილური, დემოკრატიული განვითარების ფუნდამენტად უნდა იქცეს.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, კონსტიტუციამ სათანადო ადგილი უნდა დაიმკვიდროს და შეიძინოს ის მნიშვნელობა, რომელიც უნდა ჰქონდეს ერის გამაერთიანებელ ქვეყნის ძირითად დოკუმენტს.

„საკონსტიტუციო პროცესში ნათლად გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ძირითადი კანონი, როგორ არის საზოგადოება მასში ჩართული და რამხელა ინტერესი გამოიწვია კონსტიტუციის თითოეულმა დებულებამ ჩვენს მოქალაქეებში.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებამდე, საჯარო განხილვებისას ხშირად რადიკალურად განსხვავებული პოზიციები ფიქსირდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებს. მისასალმებელია, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, გამოინახა კომპრომისის გზები და მივაღწიეთ შეთანხმებას მთავარ პრინციპებზე, რადგან ყველას გვაერთიანებს ერთი მიზანი – ეს არის ერთიანი, დემოკრატიული და ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა.

დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს კონსტიტუცია, რომელიც, ერთი მხრივ, მაღალი დემოკრატიის პირობებში სტაბილურობასა და პლურალიზმს უზრუნველყოფს, ხოლო მეორე მხრივ, გამორიცხავს ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაციას და ავტოკრატიის რისკს. სწორედ ჩვენმა გუნდმა გადადგა ნაბიჯები პარლამენტის როლის გაძლიერებისკენ, რითაც საქართველო საბოლოოდ შედგა ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკად.

მისასალმებელია, რომ ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა კონსტიტუციის საბოლოო რედაქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენნაირმა ახალგაზრდა დემოკრატიამ წარმატებულად გაიარა საკონსტიტუციო პროცესი. მე მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, გულითადი მადლობა გადავუხადო.

ამავე დროს, ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოს კონსტიტუცია დღეს, სამწუხაროდ, ვერ მოქმედებს ჩვენი სამშობლოს მთელ ტერიტორიაზე და სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი და გამაერთიანებელი. იმედი მაქვს, შორს არ არის ის დრო, როდესაც ჩვენი კონსტიტუცია გავრცელდება ერთიანი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და გახდება დემოკრატიული ღირებულებებისა და თითოეული მოქალაქის დაცვის გარანტი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.