მამუკა ბახტაძე - გვსურს, ორი რეფორმა ივლისიდან დავიწყოთ, ერთიან საგადასახადო დოკუმენტზე კი, ბიზნესს ადაპტაციისთვის დრო მივცეთ
მამუკა ბახტაძე - გვსურს, ორი რეფორმა ივლისიდან დავიწყოთ, ერთიან საგადასახადო დოკუმენტზე კი, ბიზნესს ადაპტაციისთვის დრო მივცეთ

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდება.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე ბიზნესმენებს სამი ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ მიეწოდება ინფორმაცია.

„დღეს დეტალურ პრეზენტაციას გავაკეთებთ ინიციატივების შესახებ, რომლებიც გუშინ გაჟღერდა. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა საპარლამენტო გუნდისგან. აქედან გამომდინარე, გვსურს, ორი რეფორმა დავიწყოთ მიმდინარე წლის ივლისიდან. რაც შეეხება ერთიან საგადასახადო დოკუმენტს, გვინდა ბიზნესს დრო მივცეთ ადაპტაციისთვის“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით რისკები გაანალიზებულია და აღნიშნულ რეფორმებზე კონსულტაციები არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან შედგა.

სამი ახალი საგადასახადო ინიციატივა გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტის შემოღებას; არამეწარმე ფიზიკური პირის წარმოებული საქონლის რეალიზაციის ხელშეწყობას და არარეზიდენტების მიერ საქართველოში კომპანიების ონლაინ რეგისტრაციის შემოღებას ითვალისწინებს.