მამუკა ბახტაძე - გვქონდა ხარვეზები მართვის სისტემაში, რომელსაც აუცილებლად გამოვასწორებთ
მამუკა ბახტაძე - გვქონდა ხარვეზები მართვის სისტემაში, რომელსაც აუცილებლად გამოვასწორებთ

გვქონდა ხარვეზები მართვის სისტემაში, რომელსაც აუცილებლად გამოვასწორებთ და ჩვენი თითოეული რეაგირება იქნება ძალიან ოპერატიული, ძალიან მოკლე დროში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“ განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პირველი ტურის შედეგები იყო გზავნილი მოქალაქეების მხრიდან და ეს გზავნილი, ბახტაძის თქმით, სრულიად გააზრებულია.

„წინასაარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით, პირველი ტურის შედეგები ჩვენც აღვნიშნეთ და ჩვენმა გუნდმა, რომ ეს იყო გზავნილი ჩვენი მოქალაქეების მხრიდან და ეს გზავნილი არის სრულიად გააზრებული.

ამ საკითხებზე ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვსაუბრობდით, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები. შეცდომა იქნება თუ ხარვეზი, უნდა გვქონდეს ძალიან ოპერატიული რეაგირება. ამ კუთხით დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმები. გვქონდა ხარვეზები მართვის სისტემაში, რომელსაც აუცილებლად გამოვასწორებთ და ჩვენი თითოეული რეაგირება იქნება ძალიან ოპერატიული, ძალიან მოკლე დროში, რომ სიკეთე მივიტანოთ რაც შეიძლება დროულად მოქალაქემდე. იქნება ძალიან აქტიური კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან, გადაწყვეტილების ხარისხი იქნება მნიშვნელოვნად გაზრდილი“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში გადაწყვეტილების მიღების ხარისხი, ასევე მისი დანერგვა და კონკრეტული შედეგის მიტანა თითოეულ მოქალაქემდე გაიზრდება როგორც ხარისხობრივად, ისე თვისობრივად.

„ჩვენი აქცენტი არის იმაზე, რომ გაუმჯობესდეს მმართველობითი სისტემა და გაუმჯობესდეს გადაწყვეტილების მიღების ხარისხი, მთლიანობაში გაუმჯობესდეს ეფექტურობა.

თქვენ თუ შეხედავთ მომავალი წლის ბიუჯეტს, ის გახლავთ 13 მილიარდი. ეს არის ძალიან მსხვილი თანხა და მასში არის ძალიან ბევრი კომპონენტი დამატებული. ამავე დროს, მიმდინარეობს ე.წ. ფისკალური დეცენტრალიზაციის პროცესი, როდესაც ადგილობრივ თვითმმართველობებს ექნებათ მეტი თანხები იმისთვის, რომ უფრო ადვილად გადაწყვიტონ ჩვენი მოსახლეობის პრობლემები.

ჩვენ გვქონდა ხარვეზები მმართველობით სისტემაში, ამას ვხედავდით, ამის შესახებ მივიღეთ გზავნილი მოსახლეობისგან და ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან ბევრი სიახლე. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში თითოეული მოქალაქე იგრძნობს, რომ გადაწყვეტილების მიღების ხარისხი, ასევე მისი დანერგვა და კონკრეტული შედეგის მიტანა თითოეულ მოქალაქემდე გაიზრდება როგორც ხარისხობრივად, ისე თვისობრივად ძალიან ძალიან მალე“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.