მამუკა ბახტაძე - გვჭირდება ევროპელი კოლეგების დახმარება, რომ სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ რაც შეიძლება მოკლე ვადაში დავნერგოთ 
მამუკა ბახტაძე - გვჭირდება ევროპელი კოლეგების დახმარება, რომ სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ რაც შეიძლება მოკლე ვადაში დავნერგოთ 

გვჭირდება ჩვენი ევროპელი კოლეგების დახმარება, რომ სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ რაც შეიძლება მოკლე ვადაში დავნერგოთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა ბათუმში გამართული საერთაშორისო კონფერენციის შეფასებისას.

მისი თქმით, სხვა საკითხებთან ერთად, ევროპელ კოლეგებთან ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით დეტალური საუბარი შედგა.

„გვქონდა ძალიან დეტალური საუბარი იმ ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ, რომელიც გვაქვს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამასთან ერთად, იმ სამშვიდობო ინიციატივაზე, რომელსაც ეწოდება „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. გვჭირდება ჩვენი ევროპელი კოლეგების დახმარება იმისთვის, რომ ეს სამშვიდობო ინიციატივა რაც შეიძლება მოკლე ვადაში დავნერგოთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, პრემიერის შეფასებით, კონფერენციის ფარგლებში ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მოისმინა, თუ რა მასშტაბის მხარდაჭერა აქვს საქართველოს და რა მნიშვნელოვანი როლი შეუძლია ითამაშოს შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაში.

„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელსაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვცდილობდით, მიგვეტანა ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ვისაუბროთ სტაბილურ და მდგრად უსაფრთხოებაზე ევროპული ოჯახისთვის და ამ კონცეფციაში საქართველოს თავისი უნიკალური როლი აქვს“, – განაცხადა პრემიერმა და კონფერენციის წარმატებით ჩატარებისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.