მამუკა ბახტაძე -  გვაქვს დიდი გეგმები და ამბიცია, გავხდეთ რეგიონული ჰაბი არა მხოლოდ ტურიზმისთვის, არამედ ბიზნესისა და ფინანსური მომსახურებისთვის
მამუკა ბახტაძე -  გვაქვს დიდი გეგმები და ამბიცია, გავხდეთ რეგიონული ჰაბი არა მხოლოდ ტურიზმისთვის, არამედ ბიზნესისა და ფინანსური მომსახურებისთვის

ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები და ამბიცია, გავხდეთ რეგიონული ჰაბი არა მხოლოდ ტურიზმისთვის და ლოჯისტიკისთვის, არამედ ასევე ბიზნესისა და ფინანსური მომსახურებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელიც არის ბუნებრივი ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.

„ჩვენ არ ვართ მხოლოდ გეოგრაფიული კავშირი, არამედ ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვაკავშირებდით ორ უდიდეს ცივილიზაციას, რამაც ჩვენზე დიდი გავლენა მოახდინა როგორც კულტურის, ისე ცოდნის მხრივ, უპირველეს ყოვლისა ჩვენი სიამაყის – ღვინის ცოდნის მხრივ. გასულ წელს ბორდოში მოხდა აღიარება, რომ საქართველო არის მეღვინეობის სამშობლო. ჩვენი მეღვინეობის ისტორია დაახლოებით რვა ათასი წლისაა. ვისაც კი ოდესმე გაუსინჯავს ქართული ღვინო, გაიგებს, რატომ არის ის ასეთი განსაკუთრებული, რადგან იგრძნობს იმ სიყვარულის თითოეულ მარცვალს, რომელმაც ქართველები ჩვენს მიერ წარმოებული ღვინის თითოეულ წვეთში ვდებთ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საქართველო ახლად აღმოცენებული ბაზარია, რომელიც მიისწრაფვის, გახდეს გლობალური ეკონომიკის განუყოფელი ნაწილი, იყოს უფრო მეტად დივერსიფიცირებული და ინტეგრირებული საერთაშორისო ბაზრებთან.

„ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია ბიზნესისთვის ყველაზე მეგობრული გარემო შექმნას. მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში ჩვენი ბოლო წარმატება არის მაგალითი, რომ რეფორმებზე ორიენტირებული ჩვენი დღის წესრიგი არის წარმატებული. ჩვენ ბიზნესის კეთების სიმარტივით მსოფლიოში მეექვსე ადგილზე ვართ. საქართველო იქნება ფართო რეგიონში ლიდერი ეკონომიკური ზრდის მიხედვით. Heritage Foundation-ის ყველაზე თავისუფალი ეკონომიკების რეიტინგში ჩვენ მე-16 ადგილზე ვართ და მეხუთე პოზიციაზე ვართ ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსის თანახმად. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყანაა, 9,9- პროცენტიანი საგადასახადო განაკვეთით, მსოფლიო ბანკის თანახმად, რითაც ჩვენ მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ. ამგვარად გასაკვირი არ არის, რომ ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები და ამბიცია, გავხდეთ რეგიონული ჰაბი არა მხოლოდ ტურიზმისთვის და ლოჯისტიკისთვის, არამედ ასევე ბიზნესისა და ფინანსური მომსახურებისთვის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.