მამუკა ბახტაძე - გუნდში წარმოდგენილი თითოეული ადამიანი იმ კრიტერიუმით შეირჩა, რომ ჩვენი პროგრამის ყველა ამბიციური რეფორმა განვახორციელოთ
მამუკა ბახტაძე - გუნდში წარმოდგენილი თითოეული ადამიანი იმ კრიტერიუმით შეირჩა, რომ ჩვენი პროგრამის ყველა ამბიციური რეფორმა განვახორციელოთ

გუნდში წარმოდგენილი თითოეული ადამიანი იმ კრიტერიუმით შეირჩა, რომ ჩვენი პროგრამის ყველა ამბიციური რეფორმა განვახორციელოთ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატ ელენე ხოშტარიას კითხვას, რა კრიტერიუმებით მიიღო გადაწყვეტილება განახლებულ სამთავრობო გუნდში თეა წულუკიანის დატოვების შესახებ.

მისი თქმით, გუნდის შერჩევის კრიტერიუმები კავშირშია იმ ძალიან ამბიციურ და მნიშვნელოვან რეფორმათა პაკეტთან, რომელიც წარმოადგინა.

„კრიტერიუმი იყო ყველაფერი, რაც საჭიროა ასეთ დროს გადაწყვეტილების მისაღებად. წარმოდგენილი რეფორმათა პაკეტი ძალიან ამბიციურია და უნდა დაინერგოს ძალიან მოკლე დროში. მათ შორის, ეს კავშირშია იმ პრინციპულ გამოწვევებთან, რომლებიც გვაქვს ჩვენ ქვეყანაში, რომელსაც ქალბატონი თეა არათუ აღიარებს, არამედ ამას აუცილებლად განახორციელებს.

ჩვენ ამ სისტემაში ჩავატარეთ ძალიან ბევრი რეფორმა, რომელიც იყო პირველი ნაბიჯები. არაერთხელ დავაფიქსირეთ, რომ ამ მიმართულებაში გვაქვს დიდი პროგრესი და ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება, მაგრამ ჩვენ გვაქვს გადასადგმელი სხვა პრინციპული ნაბიჯები, რომლებიც ჩემს პროგრამაში ჩავწერე და რომელიც მათ შორის ეხება მართლმსაჯულების სისტემას, კომერციული პალატების ინსტიტუტის შემოტანას, არბიტრაჟის და ა.შ. იუსტიციის მინისტრს აქვს ვალდებულება, რომელსაც ის სრულად იზიარებს და ამას აუცილებლად გავაკეთებთ ერთად.

თუ თქვენი კითხვაა, რომ თეა წულუკიანი ეწინააღმდეგებოდა რომელიმე რეფორმის გატარებას, ეს ასე არ მომხდარა. თითოეული ადამიანი, რომელიც დღეს გუნდშია წარმოდგენილი, იმ კრიტერიუმით შეირჩა, რომ ჩვენ გავატარებთ ყველა იმ ამბიციურ რეფორმას, რომელიც არის ჩვენს პროგრამაში. ნაწილი გავაკეთეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თითოეულ ადამიანზე, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, გადაწყვეტილება მივიღე მე, ჩემს პოლიტიკურ გუნდთან ერთად”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.