მამუკა ბახტაძე - გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება, ეკონომიკა შენდება შენი მოქალაქეებისა და შენი კომპანიების ეკონომიკური ინტერესების დაცვით
მამუკა ბახტაძე - გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება, ეკონომიკა შენდება შენი მოქალაქეებისა და შენი კომპანიების ეკონომიკური ინტერესების დაცვით

გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება, ეკონომიკა შენდება შენი მოქალაქეებისა და შენი კომპანიების ეკონომიკური ინტერესების დაცვით და იმით, რომ მათ შეუქმნა ფართო ასპარეზი და შესაძლებლობები, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის შეკითხვას,  ახდენს თუ არა გავლენას ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ლარის კურსზე.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა თავისი ნეგატიური ასახვა იქონია ქვეყნის ეკონომიკაზე.

„რა თქმა უნდა ჩვენი ვალდებულებაა, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად ვიყოთ ორიენტირებულები კონკრეტულ შედეგებზე. მე გუშინ განვაცხადე, რომ ასეთ პირობებში ჩვენ კიდევ უფრო აქტიურ კონსულტაციაზე ვართ გადასული კერძო სექტორთან. დღესაც მათ შორის, ეკონომიკის მინისტრი წარმოადგენს შეჯერებულ წინადადებებს, რომელიც კერძო სექტორისაგან მივიღეთ. თქვენ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა ახსენეთ და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენი პრიორიტეტი იქნება, მაქსიმალურად მეტი წინადადება მოვისმინოთ და შემდეგ პოზიციები შევაჯეროთ იმ სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც აღმოჩნდნენ ყველაზე მეტი გამოწვევის წინაშე. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მე განსაკუთრებული აქცენტი მინდა ტურისტულ სექტორზე გავამახვილო. ჩვენ პარალელურად გვაქვს შეხვედრები და რამდენიმე დღეში გაიმართება შეხვედრა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ შევკრათ ისეთი პორტფელი ჩვენი ინიციატივებისა და მხარდაჭერის, რომ შევძლოთ და მოვახდინოთ მინიმიზება ამ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის. როდესაც ჩვენ ტურისტულ სექტორზე ვსაუბრობთ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორი საქართველოში და რაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ის ინკლუზიურია და მასში ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული. აქედან გამომდინარე, მე ძალიან მძაფრი ვარ იმ შეფასებაში, რომ საოცრად უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისგან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.