მამუკა ბახტაძე გუგუტიანთკარში მცხოვრებ გოჩა მარღიშვილის ოჯახს ესტუმრა
მამუკა ბახტაძე გუგუტიანთკარში მცხოვრებ გოჩა მარღიშვილის ოჯახს ესტუმრა

მნიშვნელოვანია, უშუალოდ მოსახლეობისაგან მოვისმინო იმის შესახებ, რაც მათ აწუხებთ და სჭირდებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სოფელ გუგუტიანთკარში, გოჩა მარღიშვილის ოჯახში სტუმრობისას განაცხადა.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში მცხოვრებმა, გოჩა მარღიშვილმა პრემიერ-მინისტრს ტელევიზიის საშუალებით რამდენიმე დღის წინ მიმართა და შეხვედრა სთხოვა. ის პრემიერ-მინისტრს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლის საჭიროებებზე ესაუბრა.

მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონში მიმდინარე პროექტებზე და განმარტა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდება.

„ბოლო წლების განმავლობაში ბევრი პროექტი განვახორციელეთ აქ, მაგრამ გვაქვს მიმდინარე პროექტებიც, რომელთა ტემპები კიდევ უფრო დაჩქარდება. მოსახლეობის თხოვნით მალე გადაიჭრება სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა, დავასრულეთ გზის მშენებლობა, მოვაწყეთ სარწყავი ინფრასტრუქტურა. ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილია”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ადგილობრივი ახალგაზრდების თხოვნით გუგუტიანთკარში ახალგაზრდებისთვის სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივებთან საუბრის დროს ხაზი გაუსვა, რომ სოფელში შემოსავლის წყაროს გაჩენა მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„სოფლის მეურნეობის პროგრამები არის უმნიშვნელოვანესი. გპირდებით, რომ აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ რწმენა, რომ თავისი შესაძლებლობების რეალიზაციას აქ, თავის მშობლიურ სოფელში შეძლებენ. ძალიან მნიშვნელოვანია შრომა, მშვიდობიანი განვითარება და ერთსულოვნება. ასეთი გამოწვევები და განსაცდელები ჩვენ გვქონია საუკუნეების განმავლობაში და ერთსულოვნებით გადაგვილახავს. ყველაზე მიუღებელია ასეთ საკითხებზე სპეკულაცია,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გუგუტიანთკარში შეხვედრას მთავრობის მეთაურთან ერთად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი