მამუკა ბახტაძე - გიორგი ქობულიას შემთხვევაში, მრჩება განცდა, რომ გარკვეულწილად, გაბრაზებული ადამიანის პოზიციას ვისმენდი
მამუკა ბახტაძე - გიორგი ქობულიას შემთხვევაში, მრჩება განცდა, რომ გარკვეულწილად, გაბრაზებული ადამიანის პოზიციას ვისმენდი

მრჩება განცდა, რომ გარკვეულწილად, გაბრაზებული ადამიანის პოზიციას ვისმენდი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა შეკითხვაზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიას განცხადებებს ეხებოდა სახელმწიფო კომპანიებში კორუფციის საკითხებზე.

ამასთან, პრემიერის თქმით, ზოგადად, მართვაში იყო და არის ხარვეზები.

„მე გავაკეთე მის გამონათქვამებზე არაერთი კომენტარი. სამწუხაროდ, განცდა მრჩება, რომ გარკვეულწილად გაბრაზებული ადამიანის პოზიციას ვისმენდი. ზოგადად, მართვაში როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე გვქონდა და დღესაც გვაქვს მნიშვნელოვანი ხარვეზები. ამაზე საზოგადოებას ყოველთვის ღიად ვესაუბრები და ბოლო თვის, ბოლო კვარტლების შედეგები აჩვენებს, რომ ამ მხრივ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი. თუ მიაქციეთ ყურადღება მთავრობის ბოლო სხდომას, სადაც კონკრეტული სტატისტიკა მოვიტანე, ეს არის სწორედ ყველაზე მყარი არგუმენტი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, თეორიებზე საუბარს, კონკრეტული მაგალითების დასახელება სჯობს.

„რაც შეეხება თეორიებზე ლაპარაკს, სჯობს ყველამ მოიტანოს კონკრეტული მაგალითი. შემიძლია დაგპირდეთ ერთი რამ – როდესაც იქნება კონკრეტული ფაქტი, რომ ვიღაც, არ აქვს მნიშვნელობა რა დონეზე, არის გარეული კორუფციაში, ჩვენ და კანონი ვიქნებით ძალიან მკაცრნი. ამის პირობა შემიძლია ყველას მივცე. ეს არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების სულისკვეთება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.