მამუკა ბახტაძე - გიორგი ქობულია არის ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი ანალიტიკოსი და მან შეძლო განვითარების სტრატეგიების შექმნა, რომელიც მომავალში გამოგვადგება
მამუკა ბახტაძე - გიორგი ქობულია არის ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი ანალიტიკოსი და მან შეძლო განვითარების სტრატეგიების შექმნა, რომელიც მომავალში გამოგვადგება

გიორგი ქობულია არის ძალიან ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი ანალიტიკოსი და მან შეძლო განვითარების სტრატეგიების შექმნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი ნათია თურნავა წარადგინა.

„როგორც მოგეხსენებათ, გუშინ მივიღე საკადრო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულიას მაგივრად დაინიშნა ნათია თურნავა. გოგა ქობულია არის ძალიან ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი ანალიტიკოსი. მან შეძლო და ყველა იმ ძირითად მიმართულებაში, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო აერთიანებს, შექმნა განვითარების სტრატეგიები, რომელიც მომავალში გამოგვადგება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ნათია თურნავა არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი, სერიოზული გამოცდილებით.

„ჩვენ ახლა გვჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები, გადაწყვეტილებების მიღება ოპერატიულ რეჟიმში, რომელიც ემსახურება ჩვენი საზოგადოების, მეწარმეების ინტერესებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნათია წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. ჩემი შეხედულებით, ნათიას აქვს სწორი აღქმა იმ სოციალური რეალობის, რომელიც არის დღეს ქვეყანაში. ის დავალებები და ვადები, რომელიც შესასრულებელი ექნება მას თავის გუნდთან ერთად ეკონომიკის სამინისტროში, არის ამბიციური და მკაცრი, თუმცა ნათიას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა და ის წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.