მამუკა ბახტაძე - გეგმები, რომელიც დავსახეთ, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საფრანგეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა
მამუკა ბახტაძე - გეგმები, რომელიც დავსახეთ, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საფრანგეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა

ასოცირების ხელშეკრულება და ვიზალიბერალიზაცია არის ორი ყველაზე დიდი მონაპოვარი, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით და საზოგადოების თითოეული წევრი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს, – ამის შესახებ საქართველის პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტისა და უვიზო მიმოსვლის საკითხზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

მისი თქმით, საფრანგეთი საქართველოს მეგობარი ქვეყანა, ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან არის მის გვერდით.

„მინდა, საფრანგეთს და ფრანგ ხალხს მადლობა გადავუხადო ძალიან სოლიდური მხარდაჭრისთვის, რასაც ისინი ახორციელებენ ყოველწლიურად.

ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი და ეს არის ევროპული ოჯახი. ამ გზაზე, ასოცირების ხელშეკრულება და ვიზალიბერალიზაცია არის ორი ყველაზე დიდი მონაპოვარი, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით და რა თქმა უნდა, საზოგადოების თითოეული წვრი, ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, მისი თქმით, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის კრისტოფ კასტანერის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ურთიერთობების ფართო სპექტრი იქნა განხილული. დასახული გეგმები კი, იძლევა იმის თქმით, საშუალებას, რომ საფრანგეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები გადავა ახალ ეტაპზე.

„რაც შეეხება საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტს, ჩვენ ძალიან ფართო სპექტრი განვიხილეთ ჩვენი ურთიერთობების, ფაქტობრივად ყველა სფერო და ვფიქრობ, რომ ის გეგმები, რომელიც დავსახეთ, უფრო მეტად გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ საფრანგეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები გადავა ახალ ეტაპზე“, – აღნიშნა ბახტაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საფრანგეთის შს მინისტმა ერთმნიშვნელოვანი პასუხი გასცა.

„ბუნებრივია, იმ საშიშროებებზე, რომელზეც თქვენ საუბრობთ, თვითონ ფრანგმა კოლეგამ გასცა ერთმნიშვნელოვანი პასუხი, საკითხი ბუნებრივია ასე არ დგას. ჩვენ, თითოეულმა მოქალაქემ უნდა შევხედოთ ამას სახელმწიფოებრივი აზროვნებით. ეს არ არის ვინმეს მონაპოვარი, ეს არის საქართველოს მონაპოვარი, ჩვენი ეროვნული ინტერესების ნაწილი და თითოეული მოქალაქე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ მონაპოვარს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.