მამუკა ბახტაძე - გავიმეორებ ჩვენს მესიჯს ევროპელი ჟურნალისტებისთვის, საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა
მამუკა ბახტაძე - გავიმეორებ ჩვენს მესიჯს ევროპელი ჟურნალისტებისთვის, საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა

გავიმეორებ ჩვენს მესიჯს ევროპელი ჟურნალისტებისთვის, საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით, საქართველომ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, რისი კარგი მაგალითიცაა ვიზალიბერალიზაცია.

„ჩვენ ვიქნებით კიდევ უფრო მეტად პროაქტიულები იმისთვის, რომ გავატაროთ მეტი რეფორმა, ჩვენი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია, ეკონომიკური კომპონენტი გვქონდეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტად. სწორედ ამიტომაა, რომ ასეთ დიდ როლს ვანიჭებთ ჩვენს ეკონომიკურ რეფორმებს და რეფორმებს, რომელიც გვექნება განათლების სექტორში, სადაც გერმანია ძალიან დიდ მხარდაჭერას გვიწევს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას ამისთვის.

ჩვენ ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტზე, ეს არის საგზაო რუკა, სადაც გვექნება კონკრეტული ორიენტირები, რისკენაც მივისწრაფით. აღვნიშნე, რომ ამ გზაზე ბუნებრივია, იქნება ბევრი გამოწვევა და ამ გამოწვევებს გადავლახავთ ჩვენი მეგობრების დახმარებით და აუცილებლად შევძლებთ იმ ისტორიული მიზნის მიღწევას, რომელიც, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო და განსაკუთრებით მინდა ეს ჩემი მესიჯი წარმოვთქვა ჩვენი ევროპელი ჟურნალისტებისთვის, ჩვენი არჩევანი – საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, ეს არ უკავშირდება ვინმეს წინააღმდეგ სვლის მცდელობას, ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი, ჩვენ ვართ ამ ოჯახის ნაწილი და ეს არის ერთადერთი ოჯახი, სადაც ჩვენ გვსურს დავბრუნდეთ და სადაც გვსურს, საქართველო განვავითაროთ, როგორც ძლიერი დემოკრატიული ქვეყანა ამ რეგიონში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.