მამუკა ბახტაძე - გავაუქმებთ ყველა დოკუმენტს, რაც საგადასახადო ორგანოებსა და ბიზნესს შორის ბრუნავს და შევქმნით ერთს, ციფრულ ფორმატში  
მამუკა ბახტაძე - გავაუქმებთ ყველა დოკუმენტს, რაც საგადასახადო ორგანოებსა და ბიზნესს შორის ბრუნავს და შევქმნით ერთს, ციფრულ ფორმატში  

რეფორმის შედეგად გაუქმდება ყველა დოკუმენტი, რომელიც დღეს საგადასახადო ორგანოებსა და ბიზნესს შორის ბრუნავს, ნაცვლად კი, შეიქმნება ერთი დოკუმენტი, ციფრულ ფორმატში.

ადმინისტრირების გამარტივების მნიშვნელობაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ დღეს პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც მან სამთავრობო პროგრამა წარადგინა.

„მოგეხსენებათ, რამხელა პრობლემაა ბიზნესისთვის და რამდენად შემაფერხებელია ის მექანიზმები, რომლითაც ხდება ადმინისტრირება, არ ვგულისხმობ საგადასახადო ადმინისტრირებას. ჩვენ მაქსიმალურად გავამარტივეთ ეს ყველაფერი, შემოვიტანეთ ციფრული ტექნოლოგიები, მაგრამ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი გამარტივება.

აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი რეფორმა, რომელსაც ბევრი თქვენგანი კარგად იცნობს, არის ის, რომ გავაუქმოთ ყველა დოკუმენტი, რაც დღეს ბრუნავს საგადასახადო ორგანოებსა და ბიზნესს შორის. გავაუქმოთ ყველა მათგანი და შევქმნათ ერთი, ისიც ციფრულ ფორმატში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი შეფასებით, აღნიშნული უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეფექტიანობას და კომფორტს კერძო მეწარმეებისთვის.