მამუკა ბახტაძე - განათლების სფეროს დაფინანსების გაზრდა „საგანმანათლებლო თანასწორობის აქტით“ იქნება უზრუნველყოფილი
მამუკა ბახტაძე - განათლების სფეროს დაფინანსების გაზრდა „საგანმანათლებლო თანასწორობის აქტით“ იქნება უზრუნველყოფილი

განათლების სფეროს დაფინანსების გაზრდა უზრუნველყოფილი იქნება სპეციალური კანონმდებლობით, „საგანმანათლებლო თანასწორობის აქტით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ახალი ინიციატივის „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა ღონისძიებაზე აღნიშნა, შარშან დაანონსდა განათლების ფართომასშტაბიანი რეფორმა 2019-2022 წლებისთვის, რომელიც უკვე ხორციელდება. ახლა კი, პროცესი ახალ ეტაპზე გადადის და განათლების სფეროში დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება.

„განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის, როცა ჩვენ გავალთ მთლიანი შიდა პროდუქტის 6-პროცენტიან ნიშნულზე, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს. ეს იქნება უზრუნველყოფილი სპეციალური კანონმდებლობით, „საგანმანათლებლო თანასწორობის აქტით“, რომელიც არსებულ თუ ნებისმიერ მომავალ მთავრობებს ათწლეულების განმავლობაში დაავალდებულებს, სწორედ აღნიშნული მასშტაბის ინვესტიცია განახორციელოს ყოველწლიურად განათლების სექტორში“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, როგორც მან განმარტა, სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირება განათლებაში კერძო სექტორის მხრიდანაც გამოიწვევს ინვესტიციების წახალისებას.

„ეს ნიშნავს, რომ სწორედ განათლების სექტორი გახდება ჩვენს ეკონომიკაში დომინანტი სექტორი და 10-11-პროცენტიან წილს მიაღწევს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ახალი ინიციატივის „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ წარდგენა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ღონისძიების სტუმრებს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ასევე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მიმართეს.