მამუკა ბახტაძე - განათლების სექტორი ჩვენს ეკონომიკაში დომინანტი უნდა გახდეს, რომ მშპ-ში მინიმუმ ორნიშნა რიცხვი ჰქონდეს
მამუკა ბახტაძე - განათლების სექტორი ჩვენს ეკონომიკაში დომინანტი უნდა გახდეს, რომ მშპ-ში მინიმუმ ორნიშნა რიცხვი ჰქონდეს

მეორე დიდი რეფორმა, რომელიც აუცილებლად წამყვანი იქნება ჩვენს პაკეტში, იქნება განათლების რეფორმა. ამ კუთხით ვუყურებთ ჩვენი ეკონომიკის განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედიLIVE“-ში სტუმრობისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, განათლების სექტორი უნდა გახდეს დომინანტი საქართველოს ეკონომიკაში, ისე რომ დღეს არსებული 4-5%-გან განსხვავებით, მას ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა რიცხვი მთლიან შიდა პროდუქტში.

„სიღარიბის დაძლევა არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. ჭარბვალიანობა არის სიღარიბის ერთ-ერთი წყარო, თუმცა გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებიც, რომლებიც ამავდროულად კავშირშია ჭარბვალიანობასთან. ერთ-ერთი თემა იყო ის ინიციატივები, როგორ მოვახერხოთ, რომ ჩვენი მოსახლეობა თავისი შემოსავლის ასეთ დიდ ნაწილს არ იხდიდეს საკრედიტო პროდუქტებში. ეს ადვილად მიღწევადი ამოცანა არ გახლავთ, თუმცა ძალიან პრინციპული ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია დედოლარიზაცია, მაგრამ მეორე დიდი რეფორმა, რომელიც აუცილებლად წამყვანი იქნება ჩვენს პაკეტში, იქნება განათლების ძალიან კომპლექსური რეფორმა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ რეფორმის პირველი ეტაპი უკვე დაანონსებულია, დამატებითი დეტალები კი სრული სტრატეგიის პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი.

„მთავარი ამოცანა იქნება, განათლება გახდეს ყველაზე დომინანტი სექტორი ჩვენს ეკონომიკაში, შევქმნათ ადამიანური კაპიტალი და შესაბამისად საქართველო შევიყვანოთ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში. ჩვენ გვაქვს გეგმა, როგორ დავძლიოთ სიღარიბე, მაგრამ ამავე დროს, თავი არ უნდა მოვიტყუოთ. ჩვენ საქართველოს ვერ შევიყვანთ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში, თუ ჩვენი განათლების სექტორი იქნება იმ დონეზე, რომელზეც დღეს არის და ეს იქნება ის მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.