მამუკა ბახტაძე - განათლების, როგორც ეროვნული იდეის წარმოჩენა და რეალიზაცია იყო ჩემთვის საჯარო პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მოტივაცია
მამუკა ბახტაძე - განათლების, როგორც ეროვნული იდეის წარმოჩენა და რეალიზაცია იყო ჩემთვის საჯარო პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მოტივაცია

სტრატეგიული განვითარების ჩარჩოში განათლებას აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი და მე ყოველთვის ვამბობდი, რომ განათლების − როგორც ეროვნული იდეის წარმოჩენა და რეალიზაცია იყო ჩემთვის საჯარო პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მოტივაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს.

პრემიერის შეფასებით, სტრატეგიულ მიმართულებებთან ერთობლიობაში, განათლება არის ერთადერთი გზა, რომელიც საქართველოს განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების რიგში ჩააყენებს.

„უფრო მეტიც, განათლების, როგორც ეროვნული იდეის რეალიზაცია არის ყველაზე გაბედული ნაბიჯი რაც კი ჩვენ გადაგვიდგამს დამოუკიდებლობის შემდეგ.

მე ამაზე ბევრი მისაუბრია: წლების განმავლობაში ყველაზე მცირე დაფინანსება სწორედ განათლების სექტორზე მოდიოდა − ეს იყო სტრატეგიული (ზოგიერთ წლებში − მიზანმიმართული) შეცდომა, რომლის ფასსაც საქართველო დღემდე იხდის. მოცემულობა არის ძალიან მარტივი − ან განათლებაში მივმართავთ ქვეყანაში არსებულ საბიუჯეტო და საინვესტიციო შესაძლებლობების უდიდეს წილს, ან 21-ე საუკუნეში ქართული სახელმწიფო ვერ იქნება წარმატებული. მეტიც, ჩვენი, როგორც სახელმწიფოს, არსებობაც კი შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, ეს არის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის და ეროვნული იდეის დატვირთვას ატარებს“, – აცხადებს მამუკა ბახტაძე.

მამუკა ბახტაძე დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ თანამდებობას ტოვებს.