მამუკა ბახტაძე - განათლების რეფორმა არის ყველაზე გაბედული ნაბიჯი, რაც ჩვენ გადავდგით ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ
მამუკა ბახტაძე - განათლების რეფორმა არის ყველაზე გაბედული ნაბიჯი, რაც ჩვენ გადავდგით ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ

პროგრესი და წინსვლა მხოლოდ განათლებულ, მოტივირებულ, საკუთარ ძალებში დარწმუნებულ მოქალაქეებს მოაქვთ და ჩვენ ასე შევძლებთ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ძლიერი ფუნდამენტის შექმნას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერმა რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ასევე ხაზი გაუსვა, რომ მომდევნო წლებში ყველა ხელისუფლება ვალდებული იქნება, ბიუჯეტის მეოთხედი განათლებაზე მიმართოს.

„ჩვენ შევძელით ერთი მხრივ, დაუჯერებელი მიზნის მიღწევა და მოგეხსენებათ, ახალი კანონის მიხედვით, რომელიც პარლამენტმა ივლისში დაამტკიცა, შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ყველა ხელისუფლებას ექნება ვალდებულება, ბიუჯეტის მეოთხედი მიმართოს სწორედ განათლებაზე. ეს არის უპრეცედენტო ნაბიჯი. მე ვიტყოდი, ყველაზე გაბედული ნაბიჯი, რაც ჩვენ, საზოგადოებამ გადავდგით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ის იმედოვნებდა, რომ კანონპროექტის განხილვისას ოპოზიციური პარტიები დადგებოდნენ პარტიულ ინტერესებზე მაღლა, თუმცა როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ასე არ მოხდა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, განათლება არის ეროვნული იდეა, რომელიც ყველას უნდა აერთიანებდეს და ამ იდეის გარშემო ნებისმიერი სპეკულაცია მიუღებელია.