მამუკა ბახტაძე - განათლება იქნება ერთადერთი გარანტი, რომ ერთობლივი ძალებით დავძლიოთ ყველა მტკივნეული გამოწვევა, რომელიც არის ქვეყნის წინაშე 
მამუკა ბახტაძე - განათლება იქნება ერთადერთი გარანტი, რომ ერთობლივი ძალებით დავძლიოთ ყველა მტკივნეული გამოწვევა, რომელიც არის ქვეყნის წინაშე 

ჩვენი განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი გახდება ევროპული ხარისხის რეესტრის წევრი და ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განათლების სამინისტროში განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ევროპული ხარისხის რეესტრის წევრობა ნიშნავს, რომ ქართული უნივერსიტეტები დაფიქსირებული იქნებიან ევროკავშირის განათლების ხარისხის რეესტრის ბაზაში და ქართულ უნივერსიტეტებს აქვთ სრული თავსებადობა ევროპულ სტანდარტებთან.

„ევროპული ხარისხის რეესტრის წევრობა ასევე ნიშნავს, რომ ჩვენი უმაღლესი სასწავლებლების მიერ გაცემული დიპლომები იქნება სრულად აღიარებული ევროპულ ოჯახში. ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემა არის ევროკავშირის წევრი და მსურს, ყველას მოგილოცოთ ეს ძალიან დიდი გამარჯვების ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გადავდგით. ჩვენ გვაქვს ეროვნული იდეა და რაც არის განათლება. ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო 21-ე საუკუნეში იქნება ერთიანი, ძლიერი და წარმატებული ქვეყანა. შესაბამისად, თითოეული ასეთი ნაბიჯი გვაახლოებს ჩვენს სანუკვარ მიზანთან. ორიოდე დღის წინ ჩვენ გავხდით ამავე დროს ევრაქსესის წევრი, რომელიც არის მთავარი პლატფორმა მეცნიერებისა და ინოვაციებისთვის ევროკავშირში. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი მეცნიერებისთვის, რომ თითოეული მათგანი იყოს ჩართული ყველა იმ ისტორიული მნიშვნელობის პროექტში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირში და ევროპულ ოჯახში. ამავე დროს ეს არის ერთმნიშვნელოვანი აღიარება ჩვენი ევროპული პარტნიორების მხრიდან, რომ რეფორმებს, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ, მათ აქვთ სრული მხარდაჭერა ჩვენი მეგობრების მხრიდან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ევროპულ მეგობრებს მხარდაჭერისთვის, ასევე განათლების მინისტრსა და სამინისტროს თანამშრომლებს.

„თავდაუზოგავი შრომის გარეშე, ასეთ მოკლე ვადაში ჩვენ ბუნებრივია, ამ შედეგს ნამდვილად ვერ დავაყენებდით და ვერ გავწევრიანდებოდით ამ მნიშვნელოვან სამ პლატფორმაში, რომელიც ფუნქციონირებს ევროპულ ოჯახში. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ჩვენი ეროვნული იდეა, განათლება დაგვეხმარება და იქნება ერთადერთი გარანტი იმისა, რომ ჩვენ დავძლიოთ ერთობლივი ძალებით და სრული კონსოლიდაციით ყველა მტკივნეული გამოწვევა, რომელიც არის დღეს საქართველოს წინაშე, იქნება ეს ოკუპაცია თუ სხვადასხვა სახის ეკონომიკური პრობლემები. საქართველო აუცილებლად იქნება 21-ე საუკუნეში ერთიანი და ძლიერი ქვეყანა და ამის გარანტი იქნება სწორედ ჩვენი ეროვნული იდეა განათლება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი განათლების სისტემის ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში გაწევრიანებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გახსნიან