მამუკა ბახტაძე - განათლება და ახალგაზრდობა არის ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი
მამუკა ბახტაძე - განათლება და ახალგაზრდობა არის ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი

განათლება და ახალგაზრდობა – ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში განაცხადა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, შემოდგომაზე წარმოდგენილი იქნება ძალიან მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საქართველოს ეკონომიკაში სწორედ განათლება გახდება დომინანტი სექტორი და უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკაში განათლების სექტორს ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა ციფრი.

„რაც მე ჩამოვთვალე ეკონომიკური რეფორმები და სხვა ინიციატივები, რომელიც მომავალში იქნება, ჩვენ დაგვეხმარება რომ სიღარიბე შევამციროთ, დაგვეხმარება, რომ საქართველოში მივიღოთ ინკლუზიური ზრდა. მაგრამ ამავე დროს, პირდაპირ მინდა გითხრათ თქვენ და პირდაპირ მინდა ვუთხრა მთელს საზოგადოებას, ჩვენ, საქართველო ვერ გავხდებით განვითარებული ეკონომიკა თუ არ განვახორციელებთ განათლების სისტემაში მასშტაბურ ინვესტიციებს და არ განვახორციელებთ განათლების სექტორის ფუნდამენტურ რეფორმას. ეს არის ერთადერთი მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოს ეკონომიკა გახდეს განვითარებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ შემოდგომაზე წარმოვადგენთ ძალიან მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკაში სწორედ განათლება გახდება დომინანტი სექტორი და უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკაში განათლების სექტორს ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა ციფრი. რა თქმა უნდა, ჩემგან იქნებოდა ძალიან არასწორი, რომ ხაზი არ გავუსვა სპორტის როლს და ადგილს ქართულ საზოგადოებაში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა ახალგაზრდა მორაგბეებს წარმატებისთვის და სპორტსმენებს წარმატება უსურვა.

„მინდა, მივმართო ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს, ჩვენს სპორტულ საზოგადოებას, რომ მათი ადგილი და როლი მართლაც არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე, ეს არ გულისხმობს მხოლოდ განათლებას, ეს რა თქმა უნდა, გულისხმობს კულტურულ ცხოვრებას და სპორტულ ცხოვრებასაც, აქედან გამომდინარე, ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ და ეს იქნება ჩვენი ერთადერთი მთავარი მიზანი, რომ საქართველოში გავაძლიეროთ ადამიანური კაპიტალი – განათლების, კულტურული და სპორტული ცხოვრების წახალისებით და კიდევ უფრო გაძლიერებით. ადამიანი, იყო, არის და იქნება ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი ფასეულობა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველოში ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა და ის გარემოება, რომ ყველამ შეძლოს თავისი თავის, თავისი პოტენციალის რეალიზაცია, შეძლოს ღირსეული ცხოვრება და შევძლოთ ყველამ ერთად ის, რომ საქართველო გავხადოთ ევროპული ქვეყანა”, – განაცხადა ბახტაძემ.