მამუკა ბახტაძე - გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტით საგადასახადო ანგარიშგება მნიშვნელოვნად გამარტივდება
მამუკა ბახტაძე - გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტით საგადასახადო ანგარიშგება მნიშვნელოვნად გამარტივდება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ახალი საგადასახადო ინიციატივა, გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტის შემოღებას ითვალისწინებს.

ახალი ინიციატივის დეტალებზე, რომელიც უწყებამ საგადასახადო რეფორმების ფარგლებში მოამზადა, დღეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ისაუბრა.

მისი თქმით,  გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტის შემოღების მიზანი ბიზნესისთვის საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებაა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტი ხუთ სხვადასხვა საგადასახადო დოკუმენტს მოიცავს: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას (მათ შორის, კორექტირების და ავანსის); სპეციალურ ანგარიშ-ფაქტურას; ნავთობპროდუქტის ანგარიშ-ფაქტურას; სასაქონლო ზედნადებს; ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებს.

„ნაცვლად ხუთი დოკუმენტისა, ბიზნესს შესაძლებლობა ექნება მხოლოდ ერთი დოკუმენტით განახორციელოს საგადასახადო ადმინისტრირება“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტი იქნება საქონლის ტრანსპორტირების, საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი და საქონლის ტრანსპორტირებისას, ცალკე სასაქონლო-ზედნადები აღარ გამოიწერება; დოკუმენტი მოიცავს პირველადი საგადასახადო დოკუმენტისთვის საჭირო ყველა ინფორმაციას; ითვალისწინებს საქონლის/მომსახურების მიღებაზე დასტურს, რაც საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნეს მიღება-ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტადაც. ამასთან, გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტი გამოიწერება, როგორც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული, ისე დღგ-ის არა გადამხდელი პირის მიერ და დღგ-ის გადამხდელი პირისთვის დღგ-ის ჩათვლის საშუალება იქნება.

„ის ძალიან სწრაფი და მარტივი პროცესია, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გამარტივდება საგადასახადო ანგარიშგება; შემცირდება ბიზნესის მიერ საგადასახადო ადმინისტრირებისთვის დახარჯული დრო და ხარჯი; შემცირდება საგადასახადო ანგარიშგებაში დაშვებული შეცდომების რაოდენობა; ასევე, საგადასახადო ორგანოებისთვის საგადასახადო ადმინისტრირების დანახარჯი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ახალი საგადასახადო ინიციტიავის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია არამეწარმე ფიზიკური პირის წარმოებული საქონლის რეალიზაციის ხელშეწყობა და არარეზიდენტების მიერ საქართველოში კომპანიების ონლაინ რეგისტრაციის შემოღება.