მამუკა ბახტაძე - გაერო-ს გენერალური ასამბლეა იყო კარგი შესაძლებლობა, რათა კიდევ ერთხელ გვესაუბრა რუსულ ოკუპაციასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე
მამუკა ბახტაძე - გაერო-ს გენერალური ასამბლეა იყო კარგი შესაძლებლობა, რათა კიდევ ერთხელ გვესაუბრა რუსულ ოკუპაციასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე

გაერო-ს გენერალური ასამბლეა იყო კარგი შესაძლებლობა, რათა კიდევ ერთხელ გამოგვეტანა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპაცია, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ბუნებრივია, გენერალური ასამბლეის 73-ე სესია. ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მთელი მსოფლიოს წინაშე კიდევ ერთხელ გამოგვეტანა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა – ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპაცია, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია ჩვენს ტერიტორიებზე. ჩვენ კიდევ ერთხელ, მთელი მსოფლიო თანამეგობრობის გასაგონად აღვნიშნეთ ეს გამოწვევები, ის ძალიან მძიმე მდგომარეობა, რომელიც გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ის ჰუმანიტარული კატასტროფა, რასაც, სამწუხაროდ, ყველანი ვხედავთ და, ამავდროულად, გავახმოვანეთ ის გზები, თუ როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი ინიციატივებით ამ ჰუმანიტარული კატასტროფის დასრულებას. ბუნებრივია, აქ ჩვენ მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერა გვჭირდება და მინდა დავარწმუნო ჩვენი მოსახლეობა, რომ ჩვენ ეს მხარდაჭერა გვაქვს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.