მამუკა ბახტაძე - გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს, მიუხედავად იმისა, ვინმე პარალელურად არის თუ არა მედიააქტივის მფლობელი
მამუკა ბახტაძე - გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს, მიუხედავად იმისა, ვინმე პარალელურად არის თუ არა მედიააქტივის მფლობელი

ხელშეუხებელი საქართველოში არავინ არის. თუ ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იბერიის“ საქმეზე და გავრცელებულ ჩანაწერებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ბახტაძემ გაერო-ში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, გადასახადი საქართველოში ყველამ უნდა გადაიხადოს, მიუხედავად იმისა, ვინმე პარალელურად არის თუ არა მედიააქტივის მფლობელი.

„საქართველოში არის კანონის უზენაესობა. ადამიანი, რომელიც ჩაიდენს დანაშაულს, მან პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე. ეს არის ჩემი მიდგომა და „ქართული ოცნება“ ამას ყოველთვის უზრუნველყოფს და ჩვენი ისტორია, რომელიც უკავშირდება 2012 წლის შემდგომ განვითარებულ დემოკრატიის ტრანსფორმაციას საქართველოში, სწორედ ამის ნათელი მაგალითია.

ხელშეუხებელი საქართველოში არავინ არის. თუ ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს, კანონის წინაშე აგებს მთელი სიმკაცრით პასუხს. მეორე საკითხი რაც არის, რომელიც შეეხება საგადასახადო დავალიანებას, მინდა განვმარტო, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს თავისუფალ მასმედიასთან და ტელევიზიასთან. ეს არის ქარხანა, ეს არის კომერციული საქმიანობა, რომელიც აწარმოებს თამბაქოს, მას აქვს შესაბამისი გადასახადები, მათ შორის სააქციზო გადასახადები და გადასახადი საქართველოში ყველამ უნდა გადაიხადოს, მიუხედავად იმისა, ვინმე პარალელურად არის თუ არა მფლობელი რაღაცა მედიააქტივის. ეს არ შეიძლება იყოს ინდულგენცია“,- განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი მედიაპლურალიზმი და თავისუფალი მედიაა.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი გახლავთ მედიაპლურალიზმი და თავისუფალი მედია. ეს არის ყველა საერთაშორისო რეიტინგში კარგად ასახული და დანახული ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიერ. აქედან გამომდინარე, ამ საკითხების ერთმანეთთან გადაბმა ეს არის სრული პოლიტიკური უპასუხისმგებლობა გარკვეული გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომელიც ცდილობენ ასეთი სახით მიაწოდონ მოსახლეობას ინფორმაცია“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.