მამუკა ბახტაძე - გადამხდელებისთვის ახალი სერვისების დანერგვა უნდა განვაგრძოთ
მამუკა ბახტაძე - გადამხდელებისთვის ახალი სერვისების დანერგვა უნდა განვაგრძოთ

მომავალი წლიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება ციფრული საბაჟოს განვითარების მიმართულებით, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელებისთვის საბაჟოზე არსებული ყველა სერვისის მიწოდება შესაძლებელი გახდება ელექტრონულად, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტისა და ადლიის გაფორმების ეკონომიკური ზონაში სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, სერვისების ელექტრონულად მიწოდება როგორც მოქალაქეებს, ისე ბიზნეს სექტორს მნიშვნელოვნად შეუმცირებს  საგადასახადო/საბაჟო ადმინისტრირების დანახარჯებს.

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე დასავლეთ საქართველოში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ინფრასტრუქტურის, გაფორმების ეკონომიკური ზონებისა და მომსახურების სერვის-ცენტრების საქმიანობას პირადად გაეცნო.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი დეტალურად გაეცნო რამდენად ეფექტურად ხორციელდება ქვეყნის ეკონომიკური საზღვრების დაცვა, რამდენად კომფორტულია საბაჟო პროცედურები, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე სატრანსპორტო საშუალებებისთვის. ბათუმის სერვის-ცენტრსა და  ფოთის  გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მამუკა ბახტაძე გაეცნო  იმ ელექტრონულ  სერვისებს, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სთავაზობს გადასახადის გადამხდელებს.

 

„დღეს, გავეცანით მომსახურებას და იმ პროდუქტებს, რომლებიც მიმდინარე წელს შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებლებს. გარდა ამისა,  თანამშრომლებისგან მოვისმინეთ ინიციატივები, თუ როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი მომსახურება, ასევე, მათ გავაცანით ის რეფორმები, რომელსაც დავნერგავთ მომავალ წელს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ციფრული საბაჟოს იდეაზე. პოზიტიური ფაქტია, რომ ჩვენს სერვის-ცენტრებში მომსახურების  რაოდენობა პროცენტულად იზრდება. ამის პარალელურად, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ახალი სერვისების დანერგვა და არსებული სერვისების ხარისხის გაუმჯობესება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2018 წელს რეფორმების გარდა, იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები ხარისხობრივ ნაწილში, რათა არსებული პროცესები გახდეს უფრო თანამედროვე, მომსახურება ორიენტირებული იყოს მომხმარებლისთვის კომფორტული და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდებაზე, დროისა და მატერიალური რესურსების მაქსიმალურად დაზოგვის მიზნით.