მამუკა ბახტაძე - ფოკაში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს განვახორციელებთ, რაც ახალ სიცოცხლეს შემატებს ამ ულამაზეს კუთხეს
მამუკა ბახტაძე - ფოკაში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს განვახორციელებთ, რაც ახალ სიცოცხლეს შემატებს ამ ულამაზეს კუთხეს

ჩემთვის განსაკუთრებით ემოციურია დღევანდელი დღის თქვენთან ერთად აღნიშვნა, მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ეს არის ბედნიერების დღე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფოკაში განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, 1700 წლის წინ ამ წმინდა მიწაზე ფეხი დაადგა წმინდა ნინომ, ვაზის ჯვრით, დაიწყო და გააგრძელა ქართლის მოქცევა.

„ეს იყო ეპოქალური მნიშვნელობის დღე ქართულო სახელმწიფოსთვის. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისთვის. ჩვენ რამდენიმე დღის წინ აღვნიშნეთ მთავარი ეროვნული დღესასწაული, 26 მაისი, ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღე. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ 1700 წელს მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა წმინდა ნინო და დაიწყო ქადაგება ჭეშმარიტი რელიგიისა. ეს არის ის ძლიერი ფესვები, რაზეც დგას ქართული სახელმწიფო, რისი თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებით ამაყობს. ისტორიული ქარტეხილების გამო, თითქმის 300 წლის განმავლობაში არ აღევლინებოდა ლოცვა ამ წმინდა ადგილებში. ჩვენი უწმინდესის მეცადინეობით და ინიციატივით, 30 წლის წინ დაიწყო ქართულად ლოცვის აღვლენა ამ ულამაზეს კუთხეში და ესეც არის ეპოქალური მნიშვნელობის პერიოდი. აქ მოღვაწეობენ ბერ მონაზვნები, რომლის მიმართაც განსაკუთრებული პატივისცემა მინდა დავაფიქსირო. თქვენ თქვენი ლოცვით, 24-საათიანი შრომით აძლიერებთ ქართულ სახელმწიფოს. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ თქვენ. მინდა, დღევანდელი დღე განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს ადგილობრივ მოსახლეობას, საქართველოს ღირსეულ შვილებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ფოკაში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს განხორციელებას, რაც ახალ სიცოცხლეს შემატებს ულამაზეს კუთხეს.

„ეს იქნება ახალი გზები, ეს იქნება ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მინიმუმ 10-ჯერ გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა ამ ულამაზეს კუთხეში. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რა საგანძურის მფლობელია საქართველო და ეს ულამაზესი კუთხე. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს და გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.