მამუკა ბახტაძე - „ფიტჩის“ რეიტინგში საქართველოს დაწინაურება ყველაზე ნათელი პასუხია პოლიტიკური პოპულიზმით ნაკარნახევი კრიტიკოსების მიმართ
მამუკა ბახტაძე - „ფიტჩის“ რეიტინგში საქართველოს დაწინაურება ყველაზე ნათელი პასუხია პოლიტიკური პოპულიზმით ნაკარნახევი კრიტიკოსების მიმართ

სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ საკრედიტო რეიტინგში საქართველოს დაწინაურება ყველაზე ნათელი პასუხია, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება,  უცოდინრობით გამოწვეული, მაგრამ ამავე დროს, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური პოპულიზმით ნაკარნახევი კრიტიკოსების მიმართ, – ამის შესახებ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლის გამოც „ფიტჩმა“ საქართველოს პოზიცია რეიტინგში გააუმჯობესა.

„ჩვენ შევძელით და შევამცირეთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ეს არის ჩვენი ეკონომიკის ისტორიული პრობლემა, რომ საქართველო გახდა იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა. ჩვენ შევძელით,  ეს ძალიან მძიმე მოცემულობა შევცვალეთ. ეს ნიშნავს, რომ ვდგავართ მყარად და სწორად გზაზე, რომელიც დაგვეხმარება, აღნიშნული დეფიციტი კიდევ უფრო შევამციროთ. მინდა, ყველას შევახსენო, სწორედ ეს დეფიციტი გახლავთ საქართველოში სიღარიბის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, მისი განმარტებით, ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი, რატომაც „ფიტჩმა“ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო და, რომელიც თავის ტექსტშიც ახსენა, არის, რომ შარშან წლის მეორე ნახევარში,  მიუხედავად რეგიონში ძალიან მძიმე ეკონომიკური პერიოდისა, საქართველოს მთავრობამ მოახერხა და ქვეყნის ეკონომიკა უფრო მდგრადი და მედეგი გახადა გარე შოკების მიმართ.

„ეს განპირობებულია ჩვენ მიერ გატარებული სწორი პოლიტიკითა და აქ პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო  ლარიზაციის სტრატეგია. ასევე რეიტინგის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მიმზიდველი ბიზნესგარემო და სახელმწიფოს სწორი მიდგომები, ასევე ის, რომ საქართველო იკავებს მსოფლიო ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით რეიტინგში მე-6 ადგილს და, რომ ჩვენ ვართ მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, საქართველოს ეკონომიკის სიმტკიცეს განაპირობებს ეკონომიკის დივერსიფიკაცია, სწორი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, რასაც ზურგს უმაგრებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ზედმიწევნით შესრულება.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ „ფიტჩმა“ პოზიტიურად შეაფასა საქართველოს საფინანსო სექტორში არსებული მდგომარეობა, რაც მისივე განმარტებით, ხელს უწყობს საბანკო სექტორში ლიკვიდობის, აქტივების ხარისხისა და მაჩვენებლების ზრდას. ამ მხრივ მამუკა ბახტაძემ ეროვნული ბანკის პოლიტიკა აღნიშნა.

„ამ მხრივ, აღსანიშნავია ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკა, რაც რეიტინგში დაწინაურებისთვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. რეიტინგის სენსიტიურობის ანალიზის მიხედვით, ყველა რეფორმა თუ ინიციატივა, რომელსაც ვატარებთ ეკონომიკაში და, რომელიც მიმართულია ფისკალურ და მაკროეკონიმიკურ სტაბილურობაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს რეიტინგის შემდგომ გაუმჯობესებაზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ  „ფიტჩის“ რეიტინგის მიხედვით საპენსიო რეფორმა ძალიან დადებით არის  შეფასებული – საპენსიო ფონდის შექმნა, რომელიც მომავალში ხელს შეუწყობს დეფიციტის შემცირებას და  პროცესს გააჯანსაღებს.

„საქართველოს დაწინაურება საკრედიტო რეიტინგში გახლავთ ყველაზე ნათელი პასუხი, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება,  უცოდინრობით გამოწვეული, მაგრამ ამავე დროს, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური პოპულიზმით ნაკარნახევი კრიტიკოსების მიმართ. საქართველოს მთავრობა ახორციელებს ფუნდამენტურ რეფორმებს, რომელიც ეკონომიკას ხდის უფრო კონკურენტუნარიანს და ეს არის კონკრეტული ფაქტი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე შეფასებით, აღნიშნული არის კიდევ ერთი მაგალითი, რომ საქართველო აუცილებლად შეძლებს, მიაღწიოს წარმატებას თავის მთავარ სტრატეგიაში – ქვეყანა რეგიონულ ეკონომიკურ ცენტრად იქცეს.

„მინდა, ყველას შეგახსენოთ კიდევ ერთხელ,  დღევანდელი დღის მოცემულობით, სწორედ საქართველოა ის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აუწიეს საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგი გააუმჯობესეს იმ მთავარი არგუმენტის ფონზე, რომ შარშან სწორედ საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა ყველაზე მდგრადი დამოკიდებულება საგარეო შოკებისა და პრობლემების მიმართ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ასევე პრემიერმა აღნიშნა, რომ  საქართველოს დაწინაურება გავლენიან საერთაშორისო რეიტინგებში უკვე ტენდენციად იქცა. თუმცა, მამუკა ბახტაძე დარწმუნებულია, რომ ეს არ არის ქვეყნის მაქსიმუმი.

„ჩვენ მხოლოდ ორი ნაბიჯი გვრჩება, მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაგვეხმარება საქართველოში ყოფითი პრობლემების გადალახვაში, მაგრამ რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა აისახოს მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, რაც შეიძლება სწრაფად.  ჩვენთვის სიღარიბე სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევად რჩება და  არც ერთი რეიტინგი არაფერს ნიშნავს, თუ ეკონომიკური წინსვლა არ იქნა ყველასთვის ხელშესახები და მოსახლეობაზე ორიენტირებული“, – აღნიშნა პრემიერმა.

შესაბამისად, მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ინკლუზიურ ზრდას.

„ჩვენ კმაყოფილი ვიქნებით მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი მოქალაქეების ცხოვრების დონეზე აისახება და წინსვლა ყველასთვის ხელშესახები იქნება“, – განაცხადა პრემიერმა და მადლობა გადაუხადა გუნდს, რომლის წევრებმაც მისივე შეფასებით, საქართველოს ამ წარმატებისთვის ტიტანური შრომა გასწიეს.

სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ (Fitch) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „ბიბი მინუსიდან“ „ბიბიმდე“ გაზარდა.