მამუკა ბახტაძე - ევროპის საინვესტიციო ბანკი სრულად უჭერს მხარს ჩვენ მიერ ინიცირებულ რეფორმას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ეხება
მამუკა ბახტაძე - ევროპის საინვესტიციო ბანკი სრულად უჭერს მხარს ჩვენ მიერ ინიცირებულ რეფორმას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ეხება

ევროპის საინვესტიციო ბანკი სრულად უჭერს მხარს ჩვენ მიერ ინიცირებულ რეფორმას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ეხება, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ვაზილ ჰუდაკთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საუბარია ინიციატივაზე, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეებს საშუალებას მისცემს ჰქონდეთ წვდომა იაფიან კაპიტალზე.

„ევროკომისიის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკი იხილავს შესაძლებლობას, რათა საქართველოში დავიწყოთ ისეთი ტიპის ფინანსური ინსტრუმენტების დანერგვა, რომელიც საშუალებას მოგვცემს კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ საშუალო და მცირე ბიზნესი საქართველოში და როგორც შედეგი, მივიღოთ ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც შეეხება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველოში დავამარცხოთ სიღარიბე“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. მან მადლობა გადაუხდა ევროპის საინვესტიციო ბანკს აღნიშნული რეფორმის მხარდაჭერისთვის.

„ეს პროგრამა იქნება უნიკალური საშუალება, რათა საქართველოში კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ საშუალო და მცირე მეწარმეობა და ჩვენს მეწარმეებს ჰქონდეთ წვდომა იაფიან სასტარტო კაპიტალზე, რაც საშუალებას მოგვცემს საქართველოში განხორციელდეს ეკონომიკურად მიზანშეწონილი ყველა პროექტი“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ევროპის საინვესტიციო ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ აღნიშნულ ფინანსურ ინსტიტუტთან მნიშვნელოვნად გაზარდა თანამშრომლობის ფორმატი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წელს ბანკი 250 მლნ ევროს დახარჯვას გეგმავს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რაც მნიშვნელოვანია მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ზრდისთვის.