მამუკა ბახტაძე - ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა კონფერენცია საშუალებას გვაძლევს, წვლილი შევიტანოთ საერთო ევროპული თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში
მამუკა ბახტაძე - ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა კონფერენცია საშუალებას გვაძლევს, წვლილი შევიტანოთ საერთო ევროპული თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში

პრესტიჟული კონფერენციის საქართველოში ჩატარება საშუალებას აძლევს ჩვენს ქვეყანას, თავისი წვლილი შეიტანოს საერთო ევროპული თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა მე-15 საიუბილეო კონფერენციის გახსნისას განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ინიციატივით ევროპის საბჭოსთან თანაშრომლობით შემუშავდა სპორტის სამყაროსთვის უპრეცენდენტო დოკუმენტი, საერთაშორისო დეკლარაცია – თბილისის დეკლარაცია ადამიანის უფლებებსა და სპორტზე

„ჩვენთვის დიდი პატივია, თბილისში ვუმასპინძლოთ ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელი მინისტრთა მე-15 საიუბილეო კონფერენციას. მოგეხსენებათ, საქართველო უძველესი ცივილიზაციის, კულტურული მრავალფეროვნების და მემკვიდრეობის მქონე ქვეყანაა და ამავე დროს, განთქმულია უძველესი სპორტული ტრადიციებით.

საქართველო გეოგრაფიული, პოლიტიკური, კულტურული ღირებულებების თვალსაზრისით, ევროპის განუყოფელი ნაწილია. ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ერთგული მხარდამჭერია ევროპის საბჭო, რომელთანაც თანამშრომლობა რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. 1999 წლიდან დღემდე თანამშრომლობა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის კიდევ უფრო გაღრმავდა და მოიცვა ყველა მიმართულება, მათ შორის, ბუნებრივია, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სპირტის სფეროც.

აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს მხრიდან ევროპის საბჭოს გაფართოებული წილობრივი შეთანხმების ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობა. სპორტის სფეროს გარდა, სხვა დატვირთვა მიენიჭა და დღის წესრიგში დააყენა ისეთი გლობალური მნიშვნელობის საკითხები, როგორიცაა ძალადობის, რასიზმის, დისკრიმინაციის, დოპინგის, გარიგებული თამაშებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვა. სწორედ დღევანდელი დღე სიმბოლურია, რადგან საქართველოს ინიციატივით ევროპის საბჭოსთან თანაშრომლობით შემუშავდა სპორტის სამყაროსთვის უპრეცენდენტო დოკუმენტი, საერთაშორისო დეკლარაცია – თბილისის დეკლარაცია ადამიანის უფლებებსა და სპორტზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ამასთან, შემუშავდა საერთაშორისო რეზოლუციები სპორტში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე.

„დღეს, 21-ე საუკუნეში სპორტული თანამედროვე ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. პირდაპირ თუ ირიბად სპორტის სფერო უფრო და უფრო უახლოვდება საზოგადოების ცნობიერებასა და ყოველდღიურობას. მას, როგორც უნივერსალურ საშუალებას, ენიჭება სოციალური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო და კულტურული მნიშვნელობაც. არაერთი კვლევის შედეგი ცხადყოფს, რომ სპორტი ევროპული ინტეგრაციის პროცესის მძლავრი ინსტრუმენტი გახდა. მისასალმებელია, რომ სახელმწიფო უწყებები , საერთაშორისო ორგანიზაციები ტრანსნაციონალური კორპორაციები და არასამთავრობო ორგანიზაციები მნიშველოვნად ზრდიან თავიან კონტრიბუციებს სპორტის სფეროში მათ შორის გახლავთ ჩვენი ქვეყანაც. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელი მინისტრთა კონფერენცია, ისევე, როგორც შემდგომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქვეკომიტეტის გაერთიანებული შეხვედრები, გამოიღებს ნაყოფიერ შედეგს და ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობა სამომავლოდ აისახება თითოეული სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებაზე.

ამდენად, მნიშვნელოვანი და პრესტიჟული კონფერენციის საქართველოში ჩატარება საშუალებას აძლევს ჩვენს ქვეყანას, თავისი წვლილი შეიტანოს საერთო ევროპული თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში.

ნება მომეცით, აქვე აღვნიშნო კონფერენციის თარიღის სიმბოლური მნიშვნელობა თითოეული ქართველისთვის. საქართველო წელს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. მადლობა მსურს გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს – ევროპის საბჭოს, ევროპის კომისია და ევროკავშირის თითოეულ ინსტიტუტს, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ საქართველოს დემოკრატიული განვითარების ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ერთიანი ევროპული საზოგადოების კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.