მამუკა ბახტაძე - ევროპის საბჭოდან მიღებული ძლიერი გზავნილები მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომ სამშვიდობო ინიციატივებში წარმატებული ვიყოთ
მამუკა ბახტაძე - ევროპის საბჭოდან მიღებული ძლიერი გზავნილები მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომ სამშვიდობო ინიციატივებში წარმატებული ვიყოთ

ევროპის საბჭოდან მიღებული ძლიერი გზავნილები არის  მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებში წარმატებული ვიყოთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს მე-18 კონსოლიდირებულ ანგარიშზე „კონფლიქტი საქართველოში“ განუცხადა.

მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ანგარიშში ასახული მნიშვნელოვანი გზავნილისთვის.

„ძირითადი ტექსტი ეხება სიტუაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არაერთხელ განვაცხადე, რომ რაც ხდება ამ ტერიტორიებზე, მას შეიძლება ეწოდოს მხოლოდ ჰუმანიტარული კატასტროფა. სწორედ ამ სიტუაციაზეა საუბარი ანგარიშში. ძალიან კარგია, რომ ევროპის საბჭო მიესალმება სამშვიდობო ინიციატივებს, რომელიც გაჟღერებულია საქართველოს მთავრობის მხრიდან. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ანგარიშში დაფიქსირებული იყო პარლამენტის მიერ მიღებული „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“ და გარემოებები, რომელიც ამ ორ ტრაგიკულ საქმესთან არის დაკავშირებულია. არის ერთმნიშვნელოვანი მოწოდებები, მათ შორის დე ფაქტო მთავრობების მიმართ, ადამიანების მიმართ, რომლებმაც ჩაიდინეს ეს სასტიკი დანაშაული. ვფიქრობ, აღნიშნული ანგარიში ძალიან დაგვეხმარება იმაში, რომ ეს საქმეები მივიყვანოთ ბოლომდე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, სამშვიდობო ინიციატივების დანერგვისთვის აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა.

„სამშვიდობო ინიციატივების დანერგვისთვის აუცილებლად გვჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა და შესაბამისად, ძლიერი გზავნილი, რომელიც მივიღეთ ევროპის საბჭოდან, არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ ვიყოთ წარმატებული ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებში“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებში საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივების მიმართ ძალიან დადებითი აღქმა იყო.

„შესაბამისად, მზად ვართ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან და ჩვენს მეგობრებთან ერთად, დავიწყოთ აღნიშნული სამშვიდობო ინიციატივის დანერგვა უახლოეს მომავალში. ჩვენთვის აუცილებელია, შევაჩეროთ როგორმე დეპოპულაციის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. უნდა შევაჩეროთ მოსახლეობისგან დაცლა ამ ტერიტორიებისა, რათა არ მივიღოთ ყველაზე ტრაგიკული სურათი, რომ როგორც  ცხინვალის რეგიონში და ასევე აფხაზეთში იყოს მხოლოდ საოკუპაციო ჯარის ბაზები და არ ცხოვრობდეს ჩვენი მოსახლეობა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, აუცილებლად უნდა შეიქმნას დამატებითი წინაპირობები და შესაძლებლობები მოქალაქეებისთვის, რომ მათ მიიღონ სერვისები ნორმალური ცხოვრებისთვის.

„აუცილებლად უნდა შევქმნათ დამატებითი წინაპირობები და შესაძლებლობები მოქალაქეებისთვის, რომ შეძლონ, მიიღონ შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სერვისები, განათლების სერვისები და სერვისები, რომ მოსახლეობა როგორმე ცხოვრობდეს ნორმალურ პირობებში. ამას აუცილებლად შევძლებთ მხოლოდ ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით და ევროპის საბჭოს ეს ანგარიში ამიტომაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ევროპის საბჭოს ძლიერი გზავნილისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1329-ე სხდომაზე ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მე-18 კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს.