მამუკა ბახტაძე - ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე იტალია საქართველოს საიმედო პარტნიორია
მამუკა ბახტაძე - ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე იტალია საქართველოს საიმედო პარტნიორია

უაღრესად მნიშვნელოვანია, იტალიის მხრიდან საქართველოში მსგავსი მაღალი დონის ვიზიტი შედგა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, საქართველო იტალიის ბიზნესფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, გასულ წელს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნა. აღნიშნული ურთიერთობები კი, ერთგულ მეგობრობასა და ძლიერ პარტნიორობაზეა დაფუძნებული.

„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და იტალიის ურთიერთობების ისტორიაში პირველად, იტალიის მხრიდან შედგა ასეთი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში. მსურს ბატონ პრეზიდენტს, დიდი მადლობა გადავუხადო ამ ისტორიული ვიზიტისთვის. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მიმართ მკაფიო მხარდაჭერას. მინდა ავღნიშნო, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობები სულ უფრო ინტენსიური ხდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი შეფასებით, საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე იტალია საიმედო პარტნიორია.

„აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე იტალია საიმედო პარტნიორია და ეს არ ეხება მხოლოდ ბოლო წლების ურთიერთობას. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, იტალია იდგა ჩვენს გვერდით და კიდევ ერთხელ მსურს, იტალიელ ხალხს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ ბიზნეს-ფორუმზე.

საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მიმდინარეობს. ფორუმის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და თბილისში ვიზიტით მყოფმა იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ მიმართეს. ფორუმში ასევე ქვეყნების ეკონომიკური პროფილის სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობენ.

იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა საქართველოს გუშინ ეწვია. ის ქართველ კოლეგა გიორგი მარგველაშვილს, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდა და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. დღესვე, იტალიის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდება.

დატოვე კომენტარი