მამუკა ბახტაძე - ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია, საქართველო ამას იმსახურებს
მამუკა ბახტაძე - ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია, საქართველო ამას იმსახურებს

ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება ჩემი ერის ცივილიზაციური არჩევანია, საქართველო ამას იმსახურებს, რადგან ჩვენ ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კალიფორნიის Commonwealth club-ში საჯარო დისკუსიისას ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო მოწინავე და სამაგალითო სახელმწიფოა.

„ევროკავშირთან უკვე გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, უვიზო მიმოსვლა; ახლა აქცენტს ვაკეთებთ ევროკავშირთან და მის ინსტიტუტებთან მჭიდრო დარგობრივ ინტეგრაციაზე. რაც შეეხება ნატო-ს, ჩვენ მისი ძლიერი და ყველაზე დიდი წვლილის შემტანი პარტნიორი ვართ. ილუზიები არ გვაწუხებს. გვესმის, რომ ნატო-ში გაწევრიანება ერთ დღეში ვერ მოხდება. ეს გეოპოლიტიკურ კონტექსტსაც უკავშირდება. თუმცა, ეს ჩვენი მისწრაფებაა. ეს ჩვენთვის, ჩემი ერისთვის ცივილიზაციური არჩევანია. გვესმის, რომ ეს გზა დაბრკოლებებით აღსავსე იქნება, მაგრამ მზად ვართ მათ გადასალახად. ეს ჩვენი მეგობრების დახმარებით მოხდება. ჩვენი მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების იდეას. ეს არ არის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ინიციატივა ხალხიდან მოდის და ამიტომ ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება ჩემი ერის ცივილიზაციური არჩევანია. საქართველო ამას იმსახურებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.​

დატოვე კომენტარი