მამუკა ბახტაძე ესტონეთის ელჩს შეხვდა 
მამუკა ბახტაძე ესტონეთის ელჩს შეხვდა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კაი კაარელსონს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-ესტონეთის ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას მიაპყრეს; განიხილეს ასევე საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესში ესტონეთის გამოცდილების გაზიარების საკითხი.

მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო განათლების რეფორმას, ასევე საგადასახადო რეფორმას, რომელიც საქართველოში ესტონური მოდელის მიხედვით წარმატებით მიმდინარეობს. გარდა ამისა, მხარეებმა იმსჯელეს თბილისსა და ტალინს შორის პირდაპირი ავიარეისის აღდგენის აუცილებლობის თემაზეც.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ესტონეთი ლიდერი ქვეყანაა კიბერუსაფრთხოების დანერგვის თვალსაზრისით და ამ მიმართულებით საქართველოსთვის ესტონეთის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის ელჩმა ისაუბრეს ასევე საქართველოში ესტონეთის  პრეზიდენტის ვიზიტის შესახებაც, რომელიც საქართველოში უახლოეს დღეებში იგეგმება.