მამუკა ბახტაძე - ეს არის სამთავრობო გუნდი, რომელიც ქვეყნისა და ხალხის ინტერესების გამტარებელი იქნება
მამუკა ბახტაძე - ეს არის სამთავრობო გუნდი, რომელიც ქვეყნისა და ხალხის ინტერესების გამტარებელი იქნება

დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის გუნდი, რომელიც დამსახურებულად მოიპოვებს პარლამენტის ნდობას, იქნება ქვეყნისა და ხალხის ინტერესების გამტარებელი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაასახელა.

მისი თქმით, აღნიშნული გუნდი დაამკვიდრებს თანამედროვე მართვის მაღალ სტანდარტს ქვეყანაში, რომელიც ნაკლებად ბიუროკრატიული, ეფექტიანი, მოქნილი და თანამდეროვე მცირე მთავრობის კონცეფციაზე მორგებული იქნება.

ამასთან, პრემიერმა გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა მინისტრთა კაბინეტის ყოფილ წევრებს.

„თითოეულმა მათგანმა გასწია ძალიან მნიშვნელოვანის სამუშაო. ისინი არიან ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილი, ჩვენი გუნდის წევრები,. დარწმუნებული ვარ, ისინი თავიანთ ახალ როლში შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის შემადგენლობაში დღეს სამი ახალი სახე წარადგინა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად – მიხეილ ბატიაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად  – გიორგი ქობულია და ფინანსთა მინისტრად  – ივანე მაჭავარიანი. ამასთან მისი თქმით, დავით ზალკალიანი რჩება საგარეო საქმეთა მინისტრად, ხოლო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ინიშნება.