მამუკა ბახტაძე - ექვსი ათასზე მეტი პედაგოგი ოქტომბრის დასაწყისში ჯილდოს სახით მიიღებს ორი წლის ხელფასს, მათ შეუნარჩუნდებათ პედაგოგის დაზღვევა
მამუკა ბახტაძე - ექვსი ათასზე მეტი პედაგოგი ოქტომბრის დასაწყისში ჯილდოს სახით მიიღებს ორი წლის ხელფასს, მათ შეუნარჩუნდებათ პედაგოგის დაზღვევა

ექვს ათასზე მეტი პედაგოგი ოქტომბრის დასაწყისში სახელმწიფოსგან ჯილდოს სახით მიიღებს ორი წლის ჯამურ ხელფასს და ამავე დროს,  შეუნარჩუნდებათ პედაგოგის დაზღვევა მთელი სიცოცხლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა პედაგოგებთან შეხვედრაზე.

პრემიერმა განათლების რეფორმის ფარგლებში პენსიონერ პრაქტიკოს პედაგოგებზე ისაუბრა, რომლებმაც პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს.

„ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ღვაწლმოსილი პედაგოგები სახელმწიფოსგან სათანადოდ დაფასდებიან.

მინდა, მათ ღვაწლს განსაკუთრებული ხაზი გავუსვა – თითოეული ეს ადამიანი არის ნამდვილი გმირი. ძალიან კარგად ვიცი, რა მძიმე პერიოდი გადაიტანეთ თქვენ, როდესაც მიზანმიმართული პოლიტიკის თუ შეცდომების შედეგად განათლება მიიყვანეს კატასტროფის პირას და თქვენ ანაზღაურების არარსებობის პირობებში, ელემენტარული ინფრასტრუქტურის არარსებობის პირობებში განათლების სისტემა მოიტანეთ დღემდე და დღეს მოგვეცით იმის შესაძლებლობა, ვისაუბროთ ყველაზე გაბედულ და ამბიციურ პროექტზე დღიდან ჩვენი დამოუკიდებლობისა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ღვაწლმოსილ პედაგოგს“, – აღნიშნა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, განათლების ფუნდამენტური რეფორმის შედეგად, საქართველოში მასწავლებლის პროფესია გახდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დაფასებული.

„მჯერა, ჩვენს განათლების სისტემას ეყოლება მოტივირებული და მუდმივი განვითარებისაკენ ორიენტირებული პედაგოგები.

ამავე დროს, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ექსპერტებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული რეფორმის მომზადებაში. ეს არის პირველი ნაბიჯები. განათლება არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ, თავისუფლებისკენ ოკუპაციისგან, თავისუფლებისკენ სიღარიბისგან და  დარწმუნებული ვარ, ეს რეფორმა უზრუნველყოფს, რომ 21-ე საუკუნეში საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი და წარმატებული ქვეყანა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ პედაგოგებთან შეხვედრაზე.