მამუკა ბახტაძე - შვიდი წელი ჩაუსაფრდნენ საკუთარ ქვეყანას, ელოდნენ, რომ ვიღაცას ფეხი დაუცდებოდა და დიახ, სამწუხაროდ, ჩვენ ფეხი დაგვიცდა
მამუკა ბახტაძე - შვიდი წელი ჩაუსაფრდნენ საკუთარ ქვეყანას, ელოდნენ, რომ ვიღაცას ფეხი დაუცდებოდა და დიახ, სამწუხაროდ, ჩვენ ფეხი დაგვიცდა

რაც 20 ივნისს ვიხილეთ, სრულიად მიუღებელი იყო ნებისმიერი ქართველისთვის, ერი, რომელიც მთელი თავისი მრავალსაუკონოვანი ისტორიის განმავლობაში იბრძვის თავისი მთავარი ფასეულობისთვის, თავისუფლებისთვის, ეს იყო უმძიმესი სანახავი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რუსთაველის გამზირზე იყო თითოეული ადამიანის გულწრფელი პროტესტი, თუმცა დესტრუქციული ძალა ცდილობდა, ეს საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინა.

„შვიდი წელი ისინი ამზადებდნენ და ჩაუსაფრდნენ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სამშობლოს და საკუთარ ხალხს. ისინი ელოდნენ, რომ ვიღაცას ფეხი დაუცდებოდა და დიახ, სამწუხაროდ, ჩვენ ფეხი დაგვიცდა. რაც ჩვენ 20 ივნისს ვიხილეთ სრულიად მიუღებელი იყო ნებისმიერი ქართველისთვის. ერი, რომელიც მთელი თავისი მრავალსაუკონოვანი ისტორიის განმავლობაში იბრძვის თავისი მთავარი ფასეულობისთვის, თავისუფლებისთვის, ეს იყო უმძიმესი სანახავი. ამან გამოიწვია გულწრფელი ემოციები ჩვენს მოქალაქეებში, გულწრფელი პროტესტი და თითოეული ჩვენგანი არის ამ პროტესტის სოლიდარული. ჩვენ იმავე დღესვე მივეცით ამას ძალიან მკაცრი რეაქცია. ეს ასამბლეა თუ კონფერენცია იქნა შეწყვეტილი და ყველა დელეგაციამ დატოვა თბილისი. შემდეგ საღამოს ჩვენ ამავე დროს ვიხილეთ გულწრფელი პროტესტი ჩვენი მოქალაქეების. ეს იყო გულწრფელი პროტესტი თითოეული ადამიანის, თითოეული ახალგაზრდის, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვიხილეთ, რომ დესტრუქციული ძალა ჩაერთო და ყველამ დაინახა, რომ ეს დესტრუქციული ძალა ცდილობდა თავისი პროვოკაციული მიზნებისთვის გამოეყენებინა ეს გულწრფელი პროტესტი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.