მამუკა ბახტაძე - ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა საქართველოს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მთელი რეგიონისთვის ფინანსური ცენტრი გახდეს
მამუკა ბახტაძე - ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა საქართველოს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მთელი რეგიონისთვის ფინანსური ცენტრი გახდეს

მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა საქართველოს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ფინანსური ცენტრი მთელი რეგიონისთვის – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს მიიღწევა იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობა და კოორდინაცია მაღალ დონეზე იქნება.

მთავრობის მეთაურმა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს ახალი ინიციატივა დეტალურად გააცნო.

მამუკა ბახტაძის თქმით, მომავალი წლის პირველი იანვრიდან 34 სახელმწიფოს მოქალაქეები შეძლებენ საქართველოში კომპანიების და საბანკო ანგარიშების ონლაინ-რეგისტრაციას, ისე, რომ მათ საქართველოში ჩამოსვლა არ მოუწევთ.

„ეს მართლაც უნიკალური ინიციატივაა, რომელიც მართვაში და დანერგვაში საკმაოდ მნიშვნელოვან გამოწვევებთან და ინვესტიციებთან იქნება დაკავშირებული, თუმცა ჩვენ ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, წლის ბოლომდე რამდენიმე მსგავსი მასშტაბის ინიციატივას წარუდგენს ბიზნესმენებს.

„თქვენ იცით ჩემი განწყობა და მიდგომა, რომ ჩვენ არ ვაკეთებთ ცვლილებებს ეკონომიკურ პოლიტიკაში, თუ არ გავდივართ კონსულტაციებს ბიზნეს წრეებთან. შესაბამისად, აუცილებლად ეს მიდგომა გაგრძელდება ყველა სხვა ინიციატივასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.