მამუკა ბახტაძე - ეკონომიკური განვითარების პროცესში საყოველთაო ჩართულობა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია
მამუკა ბახტაძე - ეკონომიკური განვითარების პროცესში საყოველთაო ჩართულობა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია

საქართველოს მომავალი განვითარება ყველა სექტორული მიმართულებით ძირეულ და ინოვაციურ რეფორმებს დაეფუძნება, რაც ქვეყნის ეკონომიკას და თითოეული ადამიანის ცხოვრების დონეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია. ეს კი, ეკონომიკური განვითარების პროცესში მოსახლეობის საყოველთაო ჩართულობას გულისხმობს.

„ჩვენ უნდა დავნერგოთ ისეთი მოდელი, რომელიც ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ეკონომიკურ შესაძლებლობებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას გაზრდის და მნიშვნელოვნად შეამცირებს უმუშევრობასა და სიღარიბეს.

გუშინ განვაცხადე და დღეს კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო – დიახ, ჩვენ გვაქვს კარგი ეკონომიკური ზრდა, თუმცა მას აკლია ინკლუზიურობის კომპონენტი. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომ ჩვენ ეკონომიკურ ზრდას დავუახლოვოთ ინკლუზიური ზრდის კომპონენტები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე სამთავრობო პროგრამასა და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.