მამუკა ბახტაძე - ეკონომიკის ზრდისთვის მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობა
მამუკა ბახტაძე - ეკონომიკის ზრდისთვის მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობა

ეკონომიკის ზრდისთვის მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მაღალი დონის კონფერენციაზე დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკის ზრდისთვის გადამწყვეტია საშუალო და მცირე საწარმოების ხელშეწყობა.

„ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა არის ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი და ამ შემთხვევაში, ახალი ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება. უნდა მივაღწიოთ ეკონომიკის ზრდას მცირე და საშუალო საწარმოების მეტი ხელშეწყობით. სამწუხაროდ, ასეთი საწარმოების რაოდენობა საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურაში ჯერ საკმარისი არ არის. ჩვენი მიზანია მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობა. ჩვენ მათ მეტი საგადასახადო ინიციატივები უნდა შევთავაზოთ. ამ კუთხით ევროკავშირის მხარდაჭერა ძალიან მტკიცეა. ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამები, რათა მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას ხელი შევუწყოთ.

ერთ-ერთი ბოლო ინიციატივა იყო ე.წ. საკრედიტო გარანტია, რომელიც დაეხმარება მცირე და საშუალო საწარმოებს, რომ მათთვის ფინანსები უფრო ხელმისაწვდომი იყოს და ბიზნესის გაფართოება შეძლონ. ამასთან, ვცდილობთ, რომ მეტი მცირე და საშუალო საწარმოები იყოს ჩართული ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში და ის კომპანიები, რომელიც საქართველოდან პროდუქციის ექსპორტს ახორციელებს, წლიდან წლამდე იზრდება, მაგრამ ამ შედეგების გაუმჯობესება შესაძლებელია. ამავე დროს, ჩვენ ფოკუსირებული ვართ განათლებაზე. როგორც იცით, ჩვენი ინიციატივაა, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 6% იხარჯებოდეს განათლებაზე, რაც ჩვენი ბიუჯეტის მეოთხედია. ამ ინვესტიციების დიდი ნაწილი პროფესიულ განათლებას მოხმარდება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის სწრაფ ზრდას და ის უფრო ინკლუზიური იქნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.