მამუკა ბახტაძე - ეკონომიკაში დავაბრუნეთ ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი, რაც კი საქართველოს აქვს, ეს არის ადამიანური რესურსი, ქვეყნის მოქალაქეები
მამუკა ბახტაძე - ეკონომიკაში დავაბრუნეთ ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი, რაც კი საქართველოს აქვს, ეს არის ადამიანური რესურსი, ქვეყნის მოქალაქეები

კეთილსინდისიერ გადამხდელს შესაძლოა, ჰქონდეს განცდა, რომ ვიღაცამ სესხი უპასუხისმგებლობის გამო არ გადაიხადა და ამის კონკრეტული შემთხვევებიც გვექნება, მაგრამ მინდა, მასშტაბი კიდევ ერთხელ გავიაზროთ, რადგან ჩვენი აქტიური მოსახლეობის მესამედზე ვსაუბრობთ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“.

„აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ამ რაოდენობის ადამიანს საშუალება ჰქონდა და უცებ გადაწყვიტა, სესხი არ გადაეხადა. ჩვენ ვიცით, რომ ჭარბვალიანობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემა გახლდათ“, – განაცხადა ბახტაძემ.

ამ განცხადებით მამუკა ბახტაძემ გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არიან თუ არა შავ სიაში ადამიანები, ვინც სესხი საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის, მობილური ტელეფონისთვის, კომპიუტერისთვის და ა.შ აიღო, ან ონლაინ კაზინოში წააგო და რამდენად საფუძვლიანია კეთილსინდისიერ გადამხდელთა პრეტენზია, რომ ხელისუფლების ინიციატივით უპასუხისმგებლო გადამხდელთა წახალისება მოხდება, კეთილსინდისიერი გადამხდელები კი, დაიჩაგრებიან.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლების პირველი ნაბიჯი ის იყო, რომ უსამართლო თამაშის წესები შეეცვალა და ახალი, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა დამკვიდრებულიყო, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც შავ სიაში აღმოჩნდა, სწორედ უსამართლო წესების მსხვერპლია.

„შესაბამისად, ეს არის სოციალური სოლიდარობის აქტი და არა ის, რომ ვიღაც ცდილობს, ჯანსაღ საბაზრო ეკონომიკაში ჩაერიოს. ჯანსაღ საბაზრო ეკონომიკაში სამართალი და თამაშის წესები ყველასთვის ერთიანია და არ შეიძლება, ის ერთი ჯგუფისთვის სამართლიანი იყოს, მეორესთვის კი – უსამართლო. ასეთი ცუდი და პირდაპირ ვიტყოდი, მავნე საკანონმდებლო ჩარჩოთი, რომელიც გვქონდა, ჩვენ მივიღეთ ის, რომ თამაშის წესები ყველა მოქალაქისთვის ერთიანი არ იყო. ფინანსური სექტორი იყო ფრაგმენტული. საბანკო სექტორი ერთი რეგულაციით რეგულირდებოდა, არასაბანკო სექტორი საერთოდ არ რეგულირდებოდა, მერე განსხვავებული რეგულაცია ჰქონდა და ა.შ“, – განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებამ გამოასწორა ძალიან მავნე პრაქტიკა, რომელიც დანერგილი იყო და შექმნა ახალი, პასუხისმგებლიანი თამაშის წესები, სადაც დაცულია როგორც კრედიტორის, ამავე დროს, ყველა მოქალაქის უფლებები და აქედან გამომდინარე, მოხდა თავის დაზღვევა, რომ მომავალში, ანალოგიური პრობლემა ამ რაოდენობის მოქალაქეს არ წარმოექმნას.

„უფრო მეტიც, თუ საბაზრო ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, ეკონომიკაში დავაბრუნეთ ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი, რაც კი საქართველოს აქვს. ეს არის ადამიანური რესურსი, ადამიანური კაპიტალი, ქვეყნის მოქალაქეები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ თუ წლების მიხედვით სტატისტიკას შევხედავთ, ვნახავთ, რომ პრიორიტეტის მინიჭება მომხმარებელთა დაკრედიტებაზე მოხდა, მათ შორის, უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემით და რეალური ეკონომიკის, ამ შემთხვევაში, ქართული კომპანიების დაფინანსებას ნაკლები თანხები გამოეყო.