მამუკა ბახტაძე - ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობისთვის განათლებაში მასშტაბური ინვესტიციები არის ერთადერთი სწორი გზა
მამუკა ბახტაძე - ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობისთვის განათლებაში მასშტაბური ინვესტიციები არის ერთადერთი სწორი გზა

ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობისთვის განათლებაში მასშტაბური ინვესტიციები არის ერთადერთი სწორი გზა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში” პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გაბედულ ნაბიჯად შეაფასა და აღნიშნა, რომ დღეს არის გამორჩეული დღე, როდესაც მთავრობამ ინიცირება გაუკეთა აღნიშნული გადაწყვეტილების საკანონმდებლო დონეზე გამყარებას.

„ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობისთვის მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში არის ერთადერთი სწორი გზა, მათ შორის ჩვენს გამოწვევებთან გასამკლავებლად. ჩვენ ინიცირება გავუკეთეთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმად, არსებული და მომავალი მთავრობები ვალდებული იქნებიან, მშპ-ის ექვსი პროცენტი, ბიუჯეტის მეოთხედი ყოველთვის იყოს მიმართული განათლებაზე, მომავალ თაობაზე და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე. ჩვენი ინიციატივის საკანონმდებლო დონეზე გამყარების მიზანი სწორედ ის არის, რომ ჩვენ დარწმუნებული ვიყოთ, მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ყველა ხელისუფლება იქნება ვალდებული, ბიუჯეტის მეოთხედი მუდმივად მიმართოს განათლებაზე“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.