მამუკა ბახტაძე - ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი იქნება კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოს საერთაშორისო ტურნირების მაღალ დონეზე მასპინძლობა შეუძლია
მამუკა ბახტაძე - ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი იქნება კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოს საერთაშორისო ტურნირების მაღალ დონეზე მასპინძლობა შეუძლია

ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო არის არა მხოლოდ დიდი ჩემპიონების სამშობლო, არამედ არის ქვეყანა, რომელსაც მსგავსი საერთაშორისო ტურნირების ძალიან მაღალ დონეზე მასპინძლობა შეუძლია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში განაცხადა, სადაც ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

მთავრობის მეთაური საქართველოს ძალოსნობის ნაკრების წევრებს შეხვდა, რომლებიც ჩემპიონატისთვის ემზადებიან და მათ წარმატებები უსურვა.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მთელი საქართველო ამაყობს მათი წარმატებებით და ისინი ახალგაზრდებისთვის სამაგალითო არიან.

პრემიერმა სამზადისის შესახებ ინფორმაცია ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილისგან მოისმინა და ხაზი გაუსვა ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარების მნიშვნელობას.

„ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ძალოსნობაში უნიკალური მიღწევები გვაქვს. დღეს ჩვენს ნაკრებში ყოველი მესამე მსოფლიო ჩემპიონი, ყოველი მეორე კი ევროპის ჩემპიონია. მადლობას ვუხდი ძალოსნობის ფედერაციას, მწვრთნელებს და ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს, რომლებმაც ბოლო წლებში ასეთი წარმატებებით გაგვანებივრეს. დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატი ბათუმში ჩვენთვის ძალიან წარმატებული იქნება. ეს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის შესაძლებლობას მოგვცემს და იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო არის არა მხოლოდ დიდი ჩემპიონების სამშობლო, არამედ არის ქვეყანა, რომელსაც მსგავსი საერთაშორისო ტურნირების ძალიან მაღალ დონეზე მასპინძლობა შეუძლია”,- აღნიშნა პრემიერმა.

ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი ბათუმში, ახალაშენებულ სპორტის სასახლეში 6 აპრილს დაიწყება და მასში 40-ზე მეტი ქვეყნის სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.