მამუკა ბახტაძე - დღგ-ს დაბრუნება ხელს შეუწყობს საექსპორტო პოტენციალის, ქართული კომპანიების კონკურენტუნარიანობის და დასაქმების ზრდას
მამუკა ბახტაძე - დღგ-ს დაბრუნება ხელს შეუწყობს საექსპორტო პოტენციალის, ქართული კომპანიების კონკურენტუნარიანობის და დასაქმების ზრდას

ძალიან აქტიურად ვაწარმოებთ დღგ-ს დაბრუნებას, ფაქტიურად, უკვე დავაბრუნეთ იმდენი, რამდენიც შარშან, მთელი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, დეპუტატ ირაკლი მეზურნიშვილის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმების მიხედვით, 2018-2020 წლებში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტის დაბრუნება იგეგმება, რაც მეწარმეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან დიდი მოცულობის თანხა იყო ამოღებული ქართველი მეწარმეებისგან, რომელიც ჩვენ, ასევე მემკვიდრეობით გვერგო დღგ-ს სახით, რომელიც არ ბრუნდებოდა ძალიან ბევრი ბიუროკრატიული თუ სუბიექტური მიზეზის გამო.

აქედან გამომდინარე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გავხადოთ მაქსიმალურად ავტომატიზებული. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენ მიერ ინიცირებული რეფორმა, რომ გადასახადები ავტომატურ რეჟიმში დაბრუნდეს“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ბოლო თვეების სტატისტიკის თანახმად, ექსპორტში ძალიან მნიშვნელოვანი ზრდაა, რისი განმაპირობებელი ერთ-ერთი მიზეზი სწორედ დღგ-ს დაბრუნებაა.

„ბოლო თვის განმავლობაში, მაგალითად, 50%-იანი ზრდა დაგვიფიქსირდა მაშინ, როცა წინა თვეებში იყო 28-30 პროცენტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი მეწარმეები იყვნენ კონკურენტუნარიანი, როგორც საერთაშორისო ვაჭრობაში, ასევე შიდა ბაზარზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა, რომელიც აწუხებს ჩვენს მეწარმეებს და ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდება ისე, რომ ბიზნესმა იგრძნოს, დღგ თავისი ბუნებით არ შეიძლება იყოს ტვირთი მეწარმისთვის“, – განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა.

მისი განმარტებით, აღნიშნული თანხების დაბრუნება მაქსიმალურად ხელს შეუწყობს საექსპორტო პოტენციალის, შიდა ბაზარზე ქართული კომპანიების კონკურენტუნარიანობისა და შესაბამისად, დასაქმების გაზრდას.

დატოვე კომენტარი