მამუკა ბახტაძე - დღეს რომ პირველი აპრილი იყოს, უფრო გამიადვილდებოდა ხაზარაძის წერილზე განმარტების გაკეთება
მამუკა ბახტაძე - დღეს რომ პირველი აპრილი იყოს, უფრო გამიადვილდებოდა ხაზარაძის წერილზე განმარტების გაკეთება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილ წერილზე სერიოზული კომენტარის გაკეთება გაუჭირდება.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, წერილთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და ნებისმიერი მინისტრი მთავრობის კაბინეტიდან მზად არის, პასუხი გასცეს ნებისმიერ სიახლეს.

„მინდა, შევეხო ამ წერილს. დღეს არის 8 მარტი, რომ იყოს პირველი აპრილი, გულწრფელად გამიადვილდებოდა წერილზე განმარტების გაკეთება და შეიძლება ისიც მეთქვა, გიორგი გახარიამ ჩემთან დაადასტურა, რომ ნამდვილად ჩაწერა მათ შორის ის, რომ „არტარეასთან“ ერთად ითხოვდა რომელიმე მუსიკალური არხისგან ან „რაგბი ტვ“-სგან სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას. ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა გიორგი გახარიამაც დაადასტურა და მეც, როგორც მთავრობის მეთაურმა მინდა, დავადასტურო, რომ ნებისმიერი მინისტრი ჩემი კაბინეტიდან ყოველთვის მზად არის, გასცეს პასუხი ნებისმიერ კითხვებს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება საქართველოს პარლამენტში თუ საგამოძიებო ორგანოებთან. რაც შეეხება იმას, რაც წავიკითხეთ ყველა მედიის მეშვეობით, ამ წერილის შინაარსი გამიჭირდება სერიოზული კომენტარი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კითხვაზე, ბიზნესმენები დღეს აცხადებენ, რომ ისინი განიცდიან ზეწოლას და როგორ შეაფასებდა ამ ფაქტს, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მისთვის მთავარია ობიექტური კრიტერიუმები, რადგან შეფასებებში ხშრად იმის პოლიტიკურად მოტივირებული და დამახინჯებული ფაქტები.

„ვხედავთ, რომ შეფასებებში ჩვენ ხშირად ვისმენთ პოლიტიკურად მოტივირებულ და დამახინჯებულ ფაქტებს. საქართველოს თითოეული მოქალაქეების წარმატებაა, რომ საქართველოს მოიაზრებენ მსოფლიო ლიდერად და მე დავასახელე „დუინგ ბიზნესში“ მეექვსე ადგილი. მე ბევრი სხვა რეიტინგი შემიძლია მოგიტანოთ ამისთვის, რომელიც არის კვლევებზე და ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით შედგენილი. ჩემთვის რეიტინგებსაც შინაარსობრივად დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის მექანიზმი, რათა დავძლიოთ საქართველოში არსებული ეკონომიკური პრობლემები და გამოწვევები, ამიტომ აქვს ამ რეიტინგებს დიდი მნიშვნელობა. ამავე დროს აქვს მნიშვნელობა, რადგან ეს არის ობიექტური კრიტერიუმი და არა ის, თუ ვიღაცა განცხადებას გააკეთებს, ხშირ შემთხვევაში სრულიად უსაფუძვლოს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.