საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს განცხადებას გააკეთებს. მამუკა ბახტაძის მიმართვის ზუსტი დრო და თემატიკა უცნობია, თუმცა შესაძლოა, განცხადება მამუკა ბახტაძის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებას უკავშირდებოდეს, რის შესახებაც ინფორმაცია ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა.
დაგეგმილ სამთავრობო ცვლილებებზე მმართველი გუნდის წევრებმა საპარლამენტო უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე იმსჯელეს, თუმცა დეპუტატებმა ჟურნალისტებთან არ დააკონკრეტეს, ვის შეეხება ცვლილება.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, იყო მსჯელობა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც სამშაბათს პოლიტსაბჭოს სხდომაზე გაგრძელდება.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე განცხადებას გააკეთებს და საზოგადოებას „საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია ექნება“.
კითხვაზე, დატოვებს თუ არა თანამდებობას მამუკა ბახტაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა:
„ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთებს გაცილებით უკეთეს და სიღრმისეულ განცხადებას, ვიდრე ახლა შემიძლია, ერთი სიტყვით ვთქვა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.