მამუკა ბახტაძე დღეს ბრიუსელში დონალდ ტუსკს შეხვდება
მამუკა ბახტაძე დღეს ბრიუსელში დონალდ ტუსკს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს. ბახტაძე დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდება.

შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია მამუკა ბახტაძისა და დონალდ ტუსკის პრესისადმი ერთობლივი მიმართვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გუშინ ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის, გასულ კვირას ბრიუსელში გამართული ნატო-ს სამიტის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების გზები.

შეხვედრისას, მამუკა ბახტაძემ და იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელის სამიტის ფარგლებში გამოკვეთილი თანამშრომლობის ახალი სფეროების შესახებ ი​მსჯელეს. ხაზი გაესვა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი  ღონისძიებათა პაკეტი, ისევე როგორც თანამშრომლობის ახალი მიმართულებები, მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებს და მდგრადობას და ასევე, ქვეყანას ნატო-ში გაწევრიანებასთან აახლოებს.

ბელგიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სხვა შეხვედრებსაც გამართავს. დაგეგმილია შეხვედრა ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან დიდიე რეინდერსთან, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან, ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროპული და სოციალური დიალოგის საკითხებში ევროკომისარ ვალდის დომბროვსკისთან.

მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით სწორედ ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტი 20 ივლისამდე გაგრძელდება. პრემიერის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.