მამუკა ბახტაძე - დღეს ამ ტრიბუნიდან მინდა, ვუთხრა ჩვენს ოს და აფხაზ მოქალაქეებს, ყველა ჩვენი წარმატება თქვენი წარმატებაა
მამუკა ბახტაძე - დღეს ამ ტრიბუნიდან მინდა, ვუთხრა ჩვენს ოს და აფხაზ მოქალაქეებს, ყველა ჩვენი წარმატება თქვენი წარმატებაა

ჩვენმა მთავრობამ ახლახან შეიმუშავა ახალი, სრულყოფილი და ყოვლისმომცველი სამშვიდობო ინიციატივა სახელწოდებით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა განმარტა, აღნიშნული ინიციატივით, საქართველოს მთავრობა ცდილობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა უზრუნველყოს ჯანდაცვისა და განათლების გამართულ სერვისებზე წვდომით.

„ამ ინიციატივით ვცდილობთ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოსახლეობა უზრუნველვყოთ წვდომით ჯანდაცვისა და განათლების გამართულ სერვისებზე, რათა მათ მიკრო და მცირე სამეწარმეო-ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობები  გაუჩნდეთ, ოჯახები გამოკვებონ და მათი ფიზიკური გადარჩენა უზრუნველვყოთ.

რუსეთის ფედერაცია გამუდმებით უგულებელყოფს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებსა და სამხედრო ქვედანაყოფები არ გაჰყავს ჩვენი ტერიტორიებიდან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, საქართველოს კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი  გადაჭრის სწამს.

„კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი  გადაჭრის გვწამს. ეს არის ერთადერთი პოზიცია, რომელიც კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებით გაგვაჩნია. ერთობლივი წარმატება მხოლოდ მაშინ დადგება, როდესაც იძულებით ადგილნაცვალი პირები შეძლებენ სახლებში დაბრუნებას, ხალხთა შორის ხიდები სრულად აღდგება, სამართლის უზენაესობა და ადამიანის უფლებები უზრუნველყოფილი იქნება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან მიმართა ოს და აფხაზ თანამოქალაქეებს.

„დღეს ამ ტრიბუნიდან მინდა, ვუთხრა ჩვენს ოს და აფხაზ მოქალაქეებს – ყველა ჩვენი წარმატება თქვენი წარმატებაა. ერთადერთი მომავალი, რომელიც გვესახება, თქვენთან ერთად მოიაზრება, მშვიდობიან და კეთილდღეობით გაერთიანებულ საქართველოში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე.

დატოვე კომენტარი