მამუკა ბახტაძე - დემოკრატიის განვითარებისა და სტაბილურობის გზაზე საქართველოს ევროკავშირისგან მუდმივი მხარდაჭერა აქვს
მამუკა ბახტაძე - დემოკრატიის განვითარებისა და სტაბილურობის გზაზე საქართველოს ევროკავშირისგან მუდმივი მხარდაჭერა აქვს

ჩვენს ქვეყანაში დღეს მნიშვნელოვანი პროექტი იწყება – „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პირველი ევროპული სკოლა, ეს არის სიახლე არამარტო საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპული სკოლის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, რომელშიც ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად მონაწილეობს.

მისი თქმით,  საქართველო გახდება პირველი ქვეყანა, რომელშიც ევროპის ფარგლებს გარეთ  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა დაფუძნდა და ძალიან სასიხარულოა, რომ ეს პირველად სწორედ საქართველოში მოხდა.

„მივესალმები ჩვენს სტუდენტებს, რომლებიც გვამხნევებენ და მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სტუდენტების ინტერესი და ახალგაზრდების ინტერესი არის ყველაზე მთავარი პრიორიტეტი ჩვენთვის, ისევე, როგორც განათლების სისტემის რეფორმა. განათლების სისტემის რეფორმირება გახლავთ ის უმთავრესი პრიორიტეტი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს და მინდა,  სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ დღევანდელი პროექტი არის ჩვენი რეფორმის უმნიშნველოვანესი ნაბიჯი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, დემოკრატიის განვითარებისა და სტაბილურობის მიღწევის გზაზე საქართველოს მუდმივი მხარდაჭერა აქვს ევროკავშირიდან და  პარტნიორებისგან.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა ჩვენ სწორედ ამ დიდ შესაძლებლობას გვთავაზობს. მინდა, მადლობა გადავუხადო იოჰანეს ჰანს. ეს იყო სწორედ მისი იდეა და მისი მხარდაჭერით მოხდა ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.